სამარხვო ბლოგი

უჯრები

6 Comments

ყველაფერი ნაწილებისაგან შედგება. ადამიანებს უყვართ დიფერენცირება, განსაზღვრა. სად რა იწყება და სად რა მთავრდება. არ ვიცი ამას რატომ სჩადიან, რატომ არ უნდათ სამყარო ერთ მთლიანობად მიიღონ. ჩემთვის
გაუგებარი ბევრი რამეა, თუმცა ჩემს დაუკითხავად მათ დაყვეს დროც, სივრცეც, თეორიებიც, იდეოლოგიებიც, რასებიც და როგორც რომელიღაც ჰოლივუდურ ფილმშია მალე, ალბათ, მთვარეზე მიწებსაც გადაინაწილებენ.

ეს რა თქმა უნდა ძალზედ ფართო მასშტაბებს მოიცავს. მოდი, ცოტა დავეშვათ ჩვენს სამყოფელში. ქვეყნები იყოფა ადმინისტრაციულ ერთეულებად. ადმინისტრაციულ ერთეულებს კი აქვთ თავისი ადმინისტრაციული ცენტრები ქალაქების სახით. ქალაქებში კი ქუჩებია. ეს ქუჩები კი თავის მხრივ დაყოფილია უჯრებად. თუმცა ამ უჯრებისთვის არავის არაფერი დაურქმევია, როგორც ჩანს მუნიციპალიტეტებს მათთვის ნომრებისა და სახელების მინიჭება ეზარებათ. ქალაქების მმართველები მხოლოდ ამ ფილაქნების დაგებაზე არიან პასუხიმგებელნი.

ბავშვობაში ასეთი ახირება მქონდა,- მაღაზიაში, სადარბაზოში თუ ტროტუარზე ყოველთვის ვცდილობდი ამ პატარა უჯრების გამოუტოვებლად მევლო. ერთი-მეორის მიყოლებით ვაბიჯებდი თითოეულ მათგანში.  ეს ძლიერი ფსიქოლოგიური მიჯაჭვულობა იყო, რომელსაც დიდობაში ძლივს დავეხსენი.

კიბის საფეხურები, ტროტუარების დაყოფის ამ სისტემის, ერთგვარ ვერტიკალურ ეკვივალენტად შეგვიძლია მივიჩნიოთ. თქვენი არ ვიცი, მაგრამ მე ჩამოსვლისას ყოველთვის ვახტებოდი ბოლო ორ საფეხურს. თუმცა, ამას განსაკუთრებული სიფაქიზით უხმაუროდ ვაკეთებდი. კიბის საფეხურების ხმაურით ჩამორბენა ხომ
პროვინციალიზმის გამოვლინებაა.

ფანჯრიდან ყურებისას ყოველთვის რაღაცაზე ვენიძლავებოდი ჩემს თავს. ქარის აფრიალებული ქაღალდის ნაგლეჯი ჩავარდებოდა თუ არა ჩემი საცხოვრებელი კორპუსის წინ პატარა ბინძურ წუმპეში. ან აი, ჩემი მსუქანი მეზობელი, დღენიადაგ გარაჟის წინ ნარდს რომ
თამაშობს. შალის ჯემპრში შეფუთულა და სიცივისაგან საცოდავად იბუზება ბეღურასავით. მას ცინგლი ეწელება ცხვირიდან და მეც ჩემს თავს ვენიძლავები, რომ უახლოესი ათი წამის განმავლობაში ჩამოუვარდება. 10… 9… 8… 7… 6… არის! გაწელილი ცინგლი უკვე ასფალტზეა!

ეს ამბები, ალბათ, მსოფლიოს ნებისმიერ “უჯრაში” მცხოვრები ბავშვისთვის შეიძლება იყოს დამახასიათებელი. მაგრამ 90-იანების თბილისის ბავშვებს ოდნავ სპეციფიკური ისტორიებიც გვაქვს ჩვენი ტვინის გაჭვარტლულ ხვეულებში შემონახული. მოდი, ამ წლების ზემძიმე მოვლენებს დროებით დავეხსნათ. მაშინ ხომ ისეთი ამბებიც ხდებოდა, რომელსაც იმ დროს ზედმიწევნით სერიოზულად აღვიქვამდით, ახლა კი ღიმილის მომგვრელია. მაგალითად, მაშინდელი პირველი არხის ერთ-ერთ საინფორმაციო გამოშვებას გავიხსენებ. ტელეწამყვანი სრულებით სერიოზულად გვაუწყებდა, რომ რომელიღაც ქუჩაზე გარეგანათების ბოძზე უცნაური არსება იჯდა (სხვათაშორის, მაშინ ასეთი პარანორმალური ამბები საკმაოდ ხშირი იყო. თუმცა, თქვენს რას გიხსნით, ალბათ, ჩემზე უკეთაც გახსოვთ). სიუჯეტში კარგად ჩანდა თავმოყრილი საზოგადოება. კორესპონდენტი კი გვამცნობდა, რომ როცა ეს უცნაური მანათობელი არსება უდარდელად იჯდა ბოძზე (მაშინ რა თქმა უნდა, ყველა გარეგანათების ბოძს პირობითად თუ ეთქმოდა “განათების”, თორემ სად იყო ქუჩების გასანათებელი ელ.ენერგია) გამოჩნდა პოლიციელი, რომელმაც ცეცხლი გაუხსნა ამოუცნობ ობიექტს. რა თქმა უნდა ცეცხლსასროლმა იარაღმა ვერაფერი დააკლო “ცითმოვლენილ” არსებას. ხოლო მოვლენების შემდგომი განვითრების შესახებ მოარული ხმებიცა და საინფორმაციო გამუშვებანიც დუმან.

იმის მერე ბევრი დრო გავიდა. გარეგანათების ბოძებმა თავისი პირვანდელი ფუნქცია დაიბრუნეს. მე გავიზარდე, თავი უამრავი ტრაქტატებითა და წიგნებით გამოვიტენე და ჩემი მეზობლების ციგლების გამო აღარ ვენილავები ჩემს თავს, მაგრამ ის ამოუცნობი არსებები სადღა გაქრნენ, რომლებზეც 90-იანებში ყველა სამზარეულოში ლაპარაკობდნენ… მართლაც გასაკვირია. სად არიან ის უცხოპლანეტელები, რომლებიც ჩემს მეზობლებს ოქროს ბეჭდებს ურიგებდნენ? ან პიონერთა სასახლის ეზოში დარგული უნაყოფო პალმები რატომ აღარ ისხამენ აღარაფერს? ჰო, ვიცი, რასაც ფიქრობთ. ალბათ, უსაქმური კაცისა და მახათის ამბავი გაგახსენდათ ჩემს გულის წუხილზე. 10… 9… 8… 7… 6… გავქრი!

Advertisements

6 thoughts on “უჯრები

  1. ჰმ.. მეც ვიცოდი ასეთი რაღაცეები 😀
    დრო გამყავდა ხოლმე 😐

    ნაბიჯების დათვლა, საკუტარ ტავთან დანიძლავება რაღაცეებზე 😐

  2. ”მალე, ალბათ, მთვარეზე მიწებსაც გადაინაწილებენ.” — უკვე იყიდება მთვარეზე ფართები, ნაღდად 🙂 ქართველებსაც კი აქვთ უკვე დაჟე 🙂

    აი თვლებით და ანგარიშობით კი ნაღდად ვირთობდი ხოლმე თავს.
    ეზოში ქარიან ამინდში რომ ”ვაბირჟავებდით” ხოლმე ავიყოლიებდი ბიჭებს და ქარის სისწრაფეს ვანგარიშობდით იმის მიხედვით თუ რა მანძილზე და დროის რა მონაკვეთში იფრენდა ქარის მიერ ატაცებული ფოთოლი, პოლიეთილენის პარკი თუ ქაღალდი 🙂

  3. უჰ, შენ მუსიკას კარგად ურჩევ თემას 🙂
    უჯრები მეც მომწონს

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s