სამარხვო ბლოგი

ინდუისტური ტაძარი თბილისში, ჩემი შთაბეჭდილებები და კონტრასტები ქრისტიანობასთან

20 Comments

გუშინ მე და ქევანა თბილისის ინდუისტურ ტაძარში ვიყავით. გზა ამ ტაძრისკენ ავჭალაში შორი და დამღლელია. ავჭალამ დიდად ვერ მომხიბლა ხედებით, თუმცა ტაძარი, განსაკუთრებით მისი ინტერიერი საკმაოდ გემოვნებიანია. ერთმანეთს ჰარმონიულად ერწყმის ტრადიციული ინდური და პოსტ მოდერნისტული სტილის დიზაინი.

ახლა კი თავად ქართული ინდუიზმის შესახებაც უნდა ვთქვა. ლოცვა 4 საათზე დაიწყო, თუმცა ამ რიტუალს ტრადიციული ქრისტიანული გაგებით იმავეს ვერ უწოდებ რაც ქრისტიანული ეკლესიისთვის არის დამახასიათებელი. არ ვამბობ, იმას, რომ ან ერთი და ან მეორე რომელიმეზე აღმატებულია-მეთქი. უბრალოდ ამ ორი ეკლესიის, ქრისტიანულისა (კონფესიის მიუხედავად, ამ ტერმინში ერთიანდება როგორც აღმოსავლურ ქრისტიანული, ასევე დასავლური ქრისრიანული ეკლესიაც) და ინდუისტურის ლოცვის რიტუალი არსობრივად განსხვავდება ერთმანეთისაგან. ქრისტიანულ ეკლესიაში ლოცვის დროს ხშირად მინახავს ადამიანები, რომელიბიც ტანჯვით იყვნენ აღვსილნი, ტიროდნენ, გლოვობდნენ თავიანთ უღირს ცხოვრებას და ა შ და ა შ. ინდუისტებისთვის კი ლოცვა ზეიმია.  ისინი ამ საიდუმლოს აღსრულების დროს მღერიან, ცეკვავენ, ტაშს სცემენ, ამავდროულად ისინი ყველანი ერთად თანაბრად მონაწილეობენ ამ პროცესში. თუ ქრისტიანულ ეკლესიაში სასულიერო იერარქი უძღვება ამ პროცესს, ინდუსებთან პასიური როლი არც ერთ მლოცველს არ ეკისრება.


გარდა ამისა, ისინი ტაძარში განსაკუთრებული სილაღით გამოირჩევიან, რაც კიდევ უფრო ადვილი შესამჩნევია ადამიანისთვის, ვინც მიჩვეულია მორწმუნეების დამოკიდებულებას, როცა ისინი ქრისტეს სახლში იმყოფებიან. კრიშნას სახლში გამქრალია ეს მოკორძალება უფლის სახლის მიმართ. გარდა ამისა ლოცვის დროსაც კი სრულებით თავისუფალი ხარ რიტუალური ჩარჩოებისგან. გუშინ ლოცვის დროს ერთმა ახალგაზრდამ ბავშვს მოკიდა ხელი და წრეზე ბზრიალებდნენ ერთად. ბავშვი დარბოდა, დახტოდა, თამაშობდა. ამის შემდეგ დავფიქრდი და აზრად გავივლე, რომ, ალბათ არც ქრისტე არ იქნება წინააღნდეგი, თუ მის სახლში ბავშვები ირბენენ და იხტუნავებენ.

გარდა ამისა, ერთგვარ უბრალოებას სძენს ეკლესიას ისიც, რომ მორწმუნეებსა და ტაძრის წინამძღვარს შორის უფრო მეტად უშუალო დამოკიდებულებაა აქ, ვიდრე ქრისტიანულ ეკლესიაში (ამ სიტყვაში ვგულისხმობ ეკლესიას, როგორც ქრისტეს სხეულს, როგორც გაერთიანებას და არა შენობას სადაც ,მრევლი იკრიბება).

ქრისტიანობასთან კონტრასტისთვის, ისიც უნდა ვთქვა, რომ ინდუიზმის მიმდევრები უფრო მეტად ურთიერთობენ ერთმანეთთან, ამასთანავე თუ ქრისტიანობაზე გადაჭრით შეიძლება ვთქვათ რომ ეს პერსონალური რელიგიაა, რომელიც უარყოფს კოლექტიურობას, ინდუიზმი პირიქით მოწადინებულია ერთიანობისკენ. ეს ლოცვის რიტუალშიც აისახება. თუ ქრისტიანისთვის ლოცვა ინტიმური აქტია, როდესაც ერთი-ერთზე რჩება ღმერთთან, ინდუისტური ლოცვის აღსრულება ამგვარად ფიზიკურად შეუძლებელია, რამეთუ აქ ყველას გადანაწილებული აქვს ფუნქციები. ზოგი სხვადასხვა ინსრტუმეტზე უკრავს, ნაწილი მანტრებს იმეორებს და ა შ.

ტაძრისადმი მოკრძალება და ღმერთის თაყვანისხემა ვლინდება იშვიათად. თუ ქრისტიანული ლოცვის განუყოფელი ატრიბუტებია თუნდაც მეტანიების შერულება, აქ მეტანიას მხოლოდ ორ შემთხვევაში ასრულებენ. ტაძარში შესვლისას დიდი მეტანიით მიაგაბენ პატივს კრიშნას სახლხს, ასევე ტაძრის დატოვებისას და ტაძრის საკრალური ნაწილის,- საკურთხევლის ფარდის გახსნა-დახურვის დროს.

სულ ეს იყო, რა კონტრასტებიც შევნიშნე. სამწუხაროდ ინდუისტურ ღვთისმეტყველებაში არც ისე გაწაფული ვარ, ამიტომ ამ რელიგიის უფრო ღრმა ანალიზი ვერ მოვახერხე. თუმცა, ჩემი პირადი მოსაზრებით ის ადამიანები ვინც ინდუისტურ ტაძარში ვნახე, მგონი უფრო მეტად უნდა იყვნენ ახლოს ქრისტესთან, ვიდრე თავად ქრისტიანები. ისინი თავს არ იწუხებენ, მაგალითად ცელებატზე (სასულიერო იერარქების დაქორწინების საკითხი), იმაზე, სასულიერო პირი დანიშვნითი უნდა იყოს თუ არჩევითი, ისინი არ დარდობენ კანცელარიული საკითხების გამო. უბრალოდ ლაღად ცხოვრობენ, იღიმებიან, ეხუტებიან ერთმანეთს და უყვართ. ერთადერთი რამ, კი რაც კაცობრიობას ქრისტემ სთხოვა, სწორედ ეს იყო,- გიყვარდეთო.

Advertisements

20 thoughts on “ინდუისტური ტაძარი თბილისში, ჩემი შთაბეჭდილებები და კონტრასტები ქრისტიანობასთან

  1. მე როგორ მეზარება, ვააიი…

    შენ კარგად გიწერია, ყოჩაღ.

  2. 🙂 gamixarda tadzarze ro wavikitxe ragac, mec var namyofi adre, albat 7 weli gavida magram is zeimis shtabechdileba axlac maxsovs. tan musika, ferebi… martla dzalian magaria

    • ჰო, გეთანხმები, განუმეორებელი ემოციაა იქ. ისეთი ძლეირი შთაბეჭდილებებით მოდიხარ, რომ აღარასდროს დაგავიწყდება

  3. გამოხმაურება: ჰარე… « Phantom

  4. ყველას თავისი მსოფმხედველობა აქვს..ვის როგორ უნდა ისე იფიქრებს..მაგრამ…არ შემიძლია კომენტარი არ დავწერო…არ მინდა შენი გაკრიტიკება…პირიქით ,პოსტი ძალიან კარგად გაქვს დაწერილი,მაგრამ აი..შეხედულებებში არ შემიძლია დაგეთანხმო.. 😦

    ,,მგონი უფრო მეტად უნდა იყვნენ ახლოს ქრისტესთან, ვიდრე თავად ქრისტიანები…”_ეს შენი პირადი მოსაზრებაა,მაგრამ მართლაც ძალიან თამამი..უბრალოდ ვერ ვხვდები, რატომ ფიქრობ ,რომ ქრისტიანებს ერთმანეთი არ უყვართ…თუ ლოცვაზე არ იღიმებიან და ერთმანეთს არ ეხუტებიან ,ეს ამაზე არ მეტყველებს მგონი…იცი, მე სულ სხვანაირად ვფიქრობ..ტაძარში სულ დავდივარ და აქ იმხელა სითბოს და სიყვარულს ვგრძნობ ენით ვერ გამოვთქვამ…თითოეული ადამიანი ისე მიყვარს ,როგორც ყველაზე ახლობელი..თითქოს და–ძმები ვართ…მართლაც ასეა,ჩვენ ხომ ერთი სულიერი მამა გვყავს…მართლა…

    არ ვიცი,მაპატიე,არ მინდა ქადაგებასავით გამომივიდეს…
    შენ ამბობ აქ სილაღეაო და მოკრძალება გამქრალიაო..რას ფიქრობ ,უფლის სახლში არ უნდა იყოს მოკრძალება?განა მეფეს ესიამოვნება მის სასახლეში უწესრიგობა? ბავშვებს რაც შეეხება , თავად მაცხოვარმაც მიუშვა მასთან ბავშვები და თქვა მაგათნაირებისთვისაა ცათა სასუფეველიო..რა თქმა უნდა ,არ ,,ეწყინება”(როგორც შენ ამბობ),მაგრამ ,ჩვენი დაცემული ბუნების გამო,ისედაც ყურადღება გვეფანტება ლოცვისას და ბავშვებს თუ ასე თავისუფლად მივუშვებთ ..თან ბავშვებმაც უნდა ისწავლონ როგორ მოიქცნენ ღვთის სახლში..ის გასართობი ადგილი როდია!
    წინამძღვარსა და მრევლს შორის მართლაც უშუალო დამოკიდებულება უნდა იყოს..არ ვიცი რომელი ტაძრის მაგალითზე წერ,მაგრამ ჩვენს ტაძარში ასეა…მამაო მწყემსივით ზრუნავს თითოეულ ადამიანზე…
    მართლა ბევრი მომდის ,ვხვდები..მაგრამ..მაინც მინდა დავწერო…:(
    შენ აღნიშნავ ,,ინდუიზმის მიმდევრები უფრო მეტად ურთიერთობენ ერთმანეთთან, ამასთანავე ,თუ ქრისტიანობაზე გადაჭრით შეიძლება ვთქვათ რომ ეს პერსონალური რელიგიაა, რომელიც უარყოფს კოლექტიურობას, ინდუიზმი პირიქით მოწადინებულია ერთიანობისკენ”.არ ვიცი,მაპატიე ,მაგრამ მიკვირს ამას როგორ წერ..ვინ თქვა ქრისტიანობა ერთიანობას უარყოფსო,ჯერ კიდევ პირველქრისტიანები თემებად ცხოვრობდნენ!და დღესაც..თითოეული ტაძრის მრევლი მცირე სამწყსო უნდა იყოს ქრისტესი…
    მართლა ქადაგებასავით გამომდის….მაპატიე:(
    ძალიან მიყვარს აბბა დოროთეს მაგალითი:,,წარმოიდგინეთ მიწაზე დახატული წრე,რომლის შუაგულსაც ცენტრი ეწოდება,ხოლო სწორ ხაზებს,მიმავალს წრეწირიდან ცენტრისკენ–რადიუსები..ივარაუდეთ,რომ ეს წრე არის სამყარო,ხოლო წრის ცენტრი_ღმერთი: რადიუსები კი არსებითად ადამიანების ცხოვრების გზებია.იმდენად ,რამდენადაც ისინი წრის შიგნით შედიან ,სურთ რა მიუახლოვდნენ ღმერთს ,იმდენად უფრო ახლოს არიან ერთმანეთთანაც….”
    ,,რამდენადაც ვუერთდებით მოყვასს იმდენად ვუერთდებითღმერთსაც…” _ სწორედ ქრისტიანობას მოაქვს ერთიანობა…ურღვევი ერთიანობა ღმერთში… (მაგრამ სამწუხაროდ თანამედროვე საზოგადოების მანკიერება სულიერი გათიშულობაა…ბოროტი მძლავრობს..მაგრამ ფაქტობრივი მდგომარეობიდან გამომდინარე სარწმუნოებას არ შეიძლება ჩირქი მოვცხოთ..მგონი ასეა.. 😦

    მირაჟიც ლამაზი იქნება მგონი….(მე არასოდეს მინახავს)მაგრამ ის ხომ მირაჟი იქნება…! ცუდი შედარება გამოვიდა,მაგრამ… შენც ამბობ ინდუიზმის ბევრი არაფერი გამეგებაო…ვფიქრობ არც ქრისტიანობის…მაშინ ბევრს რამეს არ დაწერდი….

    ძალიან გთხოვ მაპატიე…შენ თავისუფალი ნება გაქვს და შენი ნებაა იწამებ თუ არა,ან რას იწამებ…და მგონი კომენტარები აქ იმიტომაა,რომ საკუთარი შეხედულებები დააფიქსიროს მკითხველმა…

    • არ მწყინს რუსა, კომენტარები რომ მწყინდეს, ამ სერვისს გავთიშავდი ბლოგზე. რაც შეეხება იმას, რომ ქრისტინობისა არაფერი მესმის და ამიტომ ვწერ იმას, რომ ქროსტიანობა კოლექტიური რელიგია არ არის. შეგიძლია ამის შესახებ შენთვის სანდო თეოლოგებს დაეკითხო. ოღონდ თეოლოგიური განათლების მქონე პირებს (სხვათაშორის ყველა მღვდელს არ აქვს ასეთი განათლება). მოკლედ, ის რომ ქრისტიანობა კოლექტიური რელიგია არ არის, ჩემი სუბიექტური მოსაზრება კი არა, ფაქტია. თუმცა, ეს ნაკლი სულაც არ არის. რაც შეეხება იმას, რომ ღმერთს მოწიწება სჭირდება შენგან ან ვინმე სხვისგან. ქისტემ ის კი არ თქვა მოწიწებით იდექით ეკლესიაშიო, არა ასე კი ვერ გახდები კარგი ქროსტიანი, არამედ იმით, როცა მტერს შეიყვარებ. სწორედ ეს არის ქრისტიანობა. ამასთანვე ერთი საკითხია რომელიმე რელიგიის ჭეშმარიტი არსი და მეორე რამდენად სრულდება ეს ეკლესიაში, ქრისტეს სხეულში.

  5. 😀 ვაიმე რამდენი მიწერია!მაპატიე,მგონი ზედმეტი მომივიდა….

  6. მართალი ხარ,ყველას არა აქვს თეოლოგიური განათლება…შემიძლია გადავამოწმო,მაგრამ მეც ვიღებ თეოლოგიურ განათლებას..და შემიძლია მხოლოდ ეს ვთქვა ,,კოლექტიურის ”მნიშვნელობას სწორად თუ განვმარტავთ ,მგონი არცერთი რელიგია კოლექტიური არ გამოვა…ყველა რელიგიაში მნიშვნელოვანი სწორედ პიროვნული მიმართებაა ღმერთთან..მაგრამ პიროვნება და პიროვნულობა ,მართალი ხარ ,ქრისტიანობამ მოიტანა,ამიტომ პიროვნული რელიგიაა,მაგრამ ამასთანავე ,,კოლექტიურობას”ამ სიტყვის ფართო გაგებით არ უაროფს..პირიქით სულ მოუწოდებს ერთად ყოფნისკენ..უძველესი ქრისტიანები კიდეც აკვირვებდნენ წარმართებს თავიანთი ერთიანობით….

    კი,მართალი ხარ,მოწიწებით დგომით ვერ გახდები კარგი ქრისტიანი,მაგრამ დგომას მაინც ისწავლი ჯერ 🙂 შეიძლება სასაცილოა მაგრამ ეს ერთ–ერთი წმიდა მამის აზრია…. იცი,გეთანხმები ეგ არაა მხოლოდ ქრისტიანობა,მხოლოდ გარეგნული წესების დაცვა ფარისევლობაა და მეტი არაფერი…
    გეთანხმები იმაშიც ,რომ საკითხავია რაა ჭეშმარიტად რელიგიის არსი და რამდენად სრულდება ტაძრებში….არ ვიცი, წამიკითხავს ამაზე და გული მტკივა…მაგრამ ყველა ტაძარში ეს ასე არაა…მართლა….

    • სიტყვა ეკლესიას როცა ვამბობ, ამას ტაძრის მნიშვნელობით არ ვგულისხმობ. ეკლესიას ვხმარობ რელიგიური ორგანიზაციის მნიშვნელობით. მაგალითად, მართლმადიდებელი ეკლესია, კათოლიკე ეკლესია, პროტესტანტული ელესია. ჰო და, იმას ვამბობდი, რომ ზოგადად ქრისტიანული ეკლესია დაშორდა-მეთქი ქრისტეს ( არ მითქვამს ტაძრები დაშორდნენ-მეთქი). პრობლემა სწორედ ეს არის. რუსა, არ ვებრძვი მე ქრისტიანობას. აქ უბრალოდ მოვიყვანე შედარებები ქროსტნიანობასა და ინდუიზმს შორის. მაგრამ წაიკითხე სადმე რომ ქროსტიანობა გამეკრიტიკებონოს?

  7. მართალი ხარ ნიკა ,ეკლესია ზოგადად დაშორდა ქრისტეს..მაგრამ ერთადერთი მართლმადიდებლობაა,რომელიც ჭეშმარიტებას მისდევს…არ ვიცი,შეიძლება შენ სხვაგვარად ფიქრობ,ეს ჩემი აზრია…

    ქრისტინობას არ აკრიტიკებ,მაგრამ პოსტი სხვა რელიგიის წარმომადგენელმა რომ წაიკითხოს ,რომელიც არ იცნობს ქრისტიანობას ,სულ სხვა წარმოდგენა დარჩებოდა ,ასე მგონია….

    • იქიდან გამომდინარე, რომ ეს ტექსტი ქართულ ენაზეა და ქართული კი მხოლოდ იმ ადამიანებმა იციან, ვინც გაიზარდა საქართველოში – ქვეყანაში სადაც მოსახლეობის 90 % ქრისტიანია, არამგონია ვინმე ისეთი აღმოჩნდეს ვინც ქრისტიანობას იმ დონენეზე არ იცნობს, რომ ეს ტექსტი არასწორად გაიგოს.

  8. მართალი ხარ ,90% ქრისტიანია,მაგრამ მათგან ბევრს ქრისტიანობის არაფერი გაეგება,სამწუხაროდ 😦

    კარგი,ნიკა,შენ საკუთარი შეხედულებები გაქვს და საკუთარი ბლოგი …და უფლება, წერო ის ,რასაც ფიქრობ..ამაში ვერავინ შეგედავება…პირიქით ,მომწონს შენი წერის სტილი და გულახდილობა… 🙂

  9. მეც ნამყოფი ვარ მანდ.. ^^
    როცა ლოცვა დამთავდა, ისეთი დადებითი ემოციებით დატვირთული გამოვედით ლოცვისას რომ არასდროს მიმიღია. (მეტი ბანალურად ვერ აღვწერ.)
    იგივე შთაბეჭდილებები დამრჩა მეც.
    ამ ხალხს ლოცვა უხაროდა.. მართმადიდებლურ ეკლესიაში კი არ მინახავს ლოცვისას მომღიმარი ან ლოცვით გახარებული მრევლი.

    ჰარე კრიშნა .. < ეს სიმღერა-ლოცვა კი იმდენად მერგება, აკვიატებული მაქვს.
    ძალიან ყურადღებიანები და კეთილები არიან, ყველა გიცინის, წიგნებიც მოგვცეს უფასოდ, უბრალოდ სიმბოლურად ჩავაგდეთ შესაწირში ფული..
    ცუდია, რომ ასეთები არ არიან ქრისტიანები. ტაძარში თუ შევდივარ, განწირულის გრძნობა მეუფლება, ასე მგონია სიკვდილმისჯილი ვარ.. და რაღაც ძალიან ცუდი დავაშავე..
    მეორე არის შეიძლება შესვლაც არ მომინდეს, ძალით მორწმუნეების სახე რომ არ დავინახო.
    გეგონება ვინმე ავალდებულებთ იქ ყოფნას.
    მოკლედ კარგი იყო იქ. თუ შესაბამის წიგნებს გაეცნობი გაგეცინება.. ნახევარ-ღმერთები ჰყავთ და კარგი ზღაპრები წერია. მე მაგალითად ვერცერთ რელიგიას ვერ მივიღებ, იმიტომ რომ არ მჯერა. (რელიგიების)
    ^^^პოსტი მომეწონა

    • რაღაც ლიტერატურას ვიცნობ და ერთი სასაცილოც ვიცი, იქვე ვიცინე იმაზე ბევრი, ოღონდ ეგ pm-ში იყოს. დანარჩენი ყველაფერი კარგია, მართლა ძალიან კეთილები, მხიარულები და ფერადები არიან.

  10. ვაა, რა მაგარია, არ ვიცოდი თბილისში თუ იყო.
    იმედია მმკ-ს დარბევის იდეას არ გაუჩენს. =)

  11. საინტერესო სტატია იყო, მადლობა ავტორს.
    ხომ ვერ მეტყოდით ამ ტაძრის მისამართს, ან როგორ მივაგნო?

    წინასწარ მადლობას გიხდით

    • ავჭალაშია, ეს დანამდვილებით მახსოვს. თუმცა, სამარშრუტო ტაქსის ნომერი ვერ დავიმახსოვრე. თუ სურვილი გექნებათ facebook-ზე შემეხმიანეთ, დაწვრილებით ინფორმაციას ვკითხავ მეგობარს და მოგწერთ.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s