სამარხვო ბლოგი

იაპონური კინოს კვირეული თეატრალურის კინოკლუბში

9 Comments

21 მარტიდან 26 მარტამდე თეატრალურის კინოკლუბში იაპონური კინოს კვირეული მიმდინარეობდა. საერთოდ, ჩანაფიქრის მიხედვით, ეს იაპონელთა სოლიდარობის გამო გაკეთდა, თუმცა ისე მომეწონა ეს ფილმები, ლამისაა მადლობელი ვიყო ამ ტრაგედიისთვის.


კვირეული იასუძირო ოძუს ფილმმა გახსნა. ვინც კინემატოგრაფში სულ ცოტათი მაინც ერკვევა (კომერციულ კინოს არ ვგულისხმობ) ყველა დამემოწმება, რომ ოძუ არა მარტო იაპონური კინოს მასშტაბით, არამედ მსოფლიო კინემატოგრაფის ერთ-ერთი მწვერვალია. ორშაბათს მისი “ტოკიოს ამბავი” /tokyo story/  უჩვენეს მაყურებელს. ეს ფილმი ეხება გაუცხოვებას მშობლებსა და შვილებს შორის. ნაძალადევ ღიმილს. ფორმალურ ურთიერთობებს. გულწრფელობას მოკლებულ ზრუნვას. თავად ოძუს ფრაზაა, რომ, – მარტოობა, ადამიანური ყოფიერების უზენაესი კანონია. ეს ფილმი, ალბათ, სწორედ ამის აპლოგიაა. დიახ, ეს არის ფილმი მარტოსულობის შესახებ. თუმცა, მარტოსულობის და არა მარტოხელობის ან მარტოობის. ისინი (ფილმის პერსონაჟები) ფიზიკურად მარტონი სულაც არ არიან. ჰყავთ ოჯახები, თანამშრონლები… არის კიდევ ერთი პერსონაჟი, რომელიც საერთო კონტექსტიდან ამოვარდნილია და სულიერ კავშირს ინარჩუნებს მშობლებთან. თუმცა, სწორედ ის არის ყველაზე ნაკლებად წარმატებული როგორც პირად ცხოვრებაში, ასევე კარიერაში. ოძუ ერთგვარად დასცინის ამ ყალბ ურთიერთობებს. გარდა ამისა მომეჩვენა, რომ იმის თქმაც უნდოდა ამ ფილმით, რისი ეჭვიც იაპონელებზე აქამდე მქონდა. ეს არის მარტოსულების ქვეყანა! იაპონია, რომელიც ობოლ კუნძულებად არის გაფანტული ვეება ოკეანეში, თავისივე ობოლი იაპონელებით. ამ იაპონელებს კი ეს ობლობის განცდა არასდროს ტოვებს. სულ თან დაატარებენ კინემატოგრაფში, ლიტერატურაში თუ მხატვრობაში…

შემდეგი ფილმი, რომელიც კვირეულის მეორე დღეს აჩვენეს იყო კენჯი მიზოგუჩის “უგეცუ” ანუ, “ნაწვიმარი მთვარის ამბები” /Ugetsu monogatari‘ or ‘Tales of Ugetsu’ or ‘Tales of a Pale and Mysterious Moon After the Rain’/.

ფილმს ორი მთავარი გმირი ჰყავს. ჭურჭლის ოსტატი, რომელსაც თავისი ხელობით გამდიდრება სწადია და მისი მეზობელი მიწაწათქმოქმედი, რომელიც სამურაობაზე ოცნებობს. სამურაი, რომ გახდეს, ამისათვის აბჯარი და შუბია საჭირო, რაც მისნაირი ხელმოკლე გლეხისთვის მიუწვდომელი ოცნებაა. მოგვიანებით დროისა და ვითარების ხელშეწყობით ორივე მეზობელი, კეთილსინდისიერად თუ თაღლითური გზით,  მაინც მოახერხებს ოცნებებისთვის ხორცის შესხმას. ორივე მიატოვებს ოჯახს და ნეტარებას მიეცემა. თუმცა, სამურაი მალევე მიხვდება, რომ ოჯახური კერა უფრო მნიშვნელოვანია (ან თანაბრად მნიშვნელოვანი მაინც) ვიდრე ძალაუფლება და ჩინი. რაც შეეხება ჭურჭლის ოსტატს, ის მხოლოდ მას შემდეგ გადაწყვეტს დიდგვაროვანი ლამაზმანისგან წამოსვლას და ოჯახში დაბრუნებას, რაც გაიგებს რომ მისი ახალი სატრფო სინამდვილეში განსხეულებული სულია, მოჩვენება (призрак). ალბათ, სწორედ ამის გამო იგი ვერ დაიბრუნებს ოჯახურ ბედნიერებას, თავისი მეზობელი სამურაისგან განსხვავებით. არ ვიცი განგებამ, ღმერთმა, ბუნების ძალებმა, ბუდამ თუ ვინ დასაჯა ის, მაგრამ ფაქტია კენჯიმ ასეთი გადაწყვეტილება მიიღო. რა უფრო ფასეულია პატივი, ღირსება, ძალაუფლება, ჩინი, მატერიალური კეთილდღეობა თუ ოჯახი. ამ კითხვაზე პასუხის პოვნას ცდილობს უგეცუ, ნაწვიმარი მთვარის ამბები.

23 მარტს კი ვიხილეთ მიკიო ნარუსეს – “როცა ქალი აივლის კიბეს” /When a Woman Ascends the Stairs/. ეს არის 30 წლის გეიშას ამბავი. ეს ასაკი კი გეიშას ცხოვრებაში არის დრო, როდესაც გეიშის კარიერა უნდა დაასრულოს და უნდა გააკეთოს არჩევანი, – გათხოვდეს, თუ თავისი ბარი გახსნას. სწორედ ასეთი მძიმე დილემის წინაშე დგას ფილმის მთავარი გმირი.


ეს არის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი ჰუმანისტური ფილმი მსოფლიო კინოს ისტორიაში. ფილმის მოქმედება საკმაოდ დინამიურად მიმდინარეობს და სასიამოვნო სანახავია.

შემდეგი ფილმი, რომელიც 24 მარტს აჩვენებს, არის ჰიროში ტეშიგაჰარას – “ქალი ქვიშაში” /woman in dunes/, რომლის ნახვაც სამწუხაროდ ვერ მოვახერხე, ამიტომ ვერაფერს ვიტყვი ამ ფილმის შესახებ.

25 მარტს კი წარმოადგინეს კანეტო შინდოს – “შიშველი კუნძული” /The Naked Island/ .

ფილმი, რომელსაც დიალოგები არ აქვს და რეჟისორი კინოგამომხატველობის ენით გვიყვება ერთი ოჯახის ამბავს. ეს ფილმი, ალბათ, შემთხვევით არ უნდა იყოს უტყვი, რამეთუ თვითონ ამ ფილმის პერსონაჟები ცხოვრობენ უტყვად. მათ სათქმელიც არაფერი აქვთ. მთელს დღეებს ატარებენ სასმელი თუ სარწყავი წყლის ზიდვაში, მიწის დამუშავებაში და დანაყრებაში. ფილმი ამ ოჯახის მაგალითზე მოგვითხრობს მსოფლიოს იმ მილიონობით ადამიანზე, რომლებიც იბადებიან, შრომობენ, რეპროდუქციულ ფუნქციას ასრულებენ და უსასრულობაში უჩინარდებიან უკვალოთ.

…და ბოლოს, შაბათს კვირეული დაასრულა შოჰეი იმამურას ფილმმა, – “შავი წვიმა” /black rain/.  შოჰეი იმამურა არის იაპონური კინოს ახალი ტალღის ერთ-ერთი უთვალსაჩინოესი წარმომადგენელი.

ფილმი ეხება ჰიროსიმაში მომხდარ ტრაგედიას. ოჯახი რადიაციით დაბინძურებული ქალაქის გავლით მიემგზავრება. დაბომბილი ქალაქის გადაკვეთის დროს კი მოყვებიან ე.წ. შავ წვიმაში. ფილმი ნათლად ასახავს იმ დანაშაულის შედეგებს, რაც მოკავშირეთა ჯარებმა მილიტარისტული იაპონიის წინაშე ჩაიდინეს. ფილმში არ არის საბრძოლო მოქმედებების ამსახველი კადრები. არაფერი ომის სესახებ, გარდა იმ უბედურებისა რაც შეიძლება პოლიტიკოსთა ამბიციებმა დაატეხოს თავს მშვიდობიან მოსახლეობას. ფილმის მიმდინარეობისას ისმის კითხვა,- “რატომ მაინცდამაინც ჰიროსიმა და არა ტოკიო? რატომ დაგვბომბა ამერიკამ, იაპონია ხომ მაინც გამოაცხადებდა კაპიტულაციას?”. ამ ფილმით დასრულდა იაპონური კინემატოგრაფის კვირეული თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის კინოკლუბში.

Advertisements

9 thoughts on “იაპონური კინოს კვირეული თეატრალურის კინოკლუბში

  1. ძალიან კარგი იყო ეს კვირეული, ,შავი წვიმა” განსაკუთრებით მომეწონა… ბოლოს ჩვენება ამ ფილმის კარგი აზრი იყო, პარალელები გავავლე 2011 წლის იაპონიასთან… 😦

  2. რა საინტერესოა, როგორ გამომრჩა :/

    მიყვარს შენი პოსტები ❤

    • გმადლობ ნინა. მე კი შენი პოსტები. არ ვიცოდი დასწრება თუ გენდომებოდა. ამის მერე შეგატყობინებ აუცილებლად.

  3. გრეით პოსტ 🙂

    არაჩვერივი მომიხილვაა, კარგი და საინტერესო კვირეული გქონდა 🙂

  4. ოძუს ტოკიოს ამბავი მომეწონა . ახლა გამჭვირვალე შემოდგომა გადმოვწერე და იმედია ესეც კარგი ფილმი იქნება

  5. გამოხმაურება: ვორქშოფზე მონაწილე ბლოგერების შერჩევის პროცესი დასრულდა |

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s