სამარხვო ბლოგი

რევოლუციის შემდეგ

%(count)s კომენტარი

საავტორო კინოს ბათუმის საერთაშორისო ფესტივალი ყოველწლიურად იმართება და ყოველ წელს მინდოდა წასვლა, თუმცა აქამდე ვერც ერთხელ ვერ მოვახერხე. ბათუმში ფესტივალზე ჩამოდიოდნენ ჩემი საყვარელი კინორეჟისორები რომელთა ცოცხლად ხილვაც დიდი ბედნიერება იქნებოდა ჩემთვის, მაგალითად ოთარ იოსელიანის ან და კშიშტოფ ზანუსის. ზანუსისადმი ჩემი დამოკიდებულება ზოგჯერ, ერთგვარად, კომიკურ ხასიათსაც კი იღებს ხოლმე. ორი წლის წინ მის ფილმს ერთ-ერთი მაშინ არსებული ქართული ვარეზიდან ვიწერდი ერთი კვირის განმავლობაში, დღეები გადიოდა და მოლოდინი სულ უფრო მიმძაფრდებოდა და დადგა ის სანეტარო დღეც, როდესაც გადმოწერა დასსრულდა. ჩავრთე ფილმი და ჰოი, საოცრებავ! ფილმი აღმოჩნდა ორიგინალის – პოლონურ ენაზე ყოველგვრი დუბლირებისა და სუბ ტიტრების გარეშეც კი. რა თქმა უნდა, მაინც ბოლომდე ვუყურო, თუმცა ვერ ვიტყვი ბევრი რამე გავიგე-მეთქი.

წლევანდელი კინოფესტივალიც პოლონური ფილმით გაიხსნა – “ვარშავის ბრძოლა 1920” /Battle of Warsawa 1920/. ეს არ არის საავტორო კინო და შესაბამისად არც საფესტივალო ფილმი ყოფილა, თუმცა საკმაოდ შთამბეჭდავი იყო მისი ხილვა. ფილმი 3D ხარისხისაა და როგორც გავიგე ყველაზე მაღალბიუჯეტიანი კინოპროექტი ყოფილა პოლონური კინემატოგრაფის ისტორიაში. “ვარშავის ბრძოლა 1920″ ასახავს პოლონელი ხალხის ბრძოლას ბოლშევიკების წინაღმდეგ და მისი გადაღებები 9 მილიონი დოლარი დაჯდა. იქიდან გამომდინარე, რომ ფილმი პოლიტიკურ ხასიათს ატარებს ბუნებრივად ჩნდება ასოციააციები ქართულ პროექტთან ” აგვისტოს 5 დღე”, რომელიც 25 მილიონი (!) დაჯდა და ქართული პროპაგანდის სრულ კრახად შეგვიძლია მივიჩნიოთ, პოლონური ფილმის ფონზე კი კიდევ უფრო საწყლად გამოიყურება, მითუმეტეს თუ ამ ფილმების ბიუჯეტსაც გავითვალისწინებთ.

ბათუმის კინოფესტივალის ჟიურის წელს ჩემი, ასევე, ერთ-ერთი უსაყვარლესი კინორეჟისორი ელდარ შენგელაია თავმჯდომარეობს. “ცისფერი მთების” მიმართ ყოველთვის განსაკუთრებული დამოკიდებულება მქონდა და მივიჩნევ, რომ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ნატურალისტური ტრაგი-კომედია, წმინდა ქართული ფილმი, რომელიც ყოველგვარი მოკაზმულობის გარეშე ასახავს ქართულ რეალობას. ეს არის ფილმი, რომელიც ფეხდაფეხ დამყვება ყველგან. ზუსტად ორი დღის წინ, უკვე მერამდენედ, მივედი ერთ სახელმწიფო უწყებაში დოკუმეტის ასაღებად, რომელიც ყოვლგვარი ლოგიკით 26 აგვისტოს უნდა მიმეღო. ოპერატორის პასუხი სტანდარტულია – “ჩემთან თქვენი დოკუმენტი არ არის, დაგიკავშირდებით და შემდგომ მობრძანდით მის წასაღებად”. ამის შემდეგ ჩემი მონოლოგი იყო ძალზედ ვრცელი და სიტყვაუხვი, ამიტომ მთლიანად არ დავწერ, მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ სრულებით ბუნებრივად ვიკითხე,- აქ ცისფერი მთებია?. ამ სიტყვების გაგონებაზე ცივი სახით მომზირალ გოგონას გაეღიმა და ჩემი “სფიჩის” დასრულების შემდეგ დაურეკა უწყების ხელმძღვანელს, უწყების ხელძვანელმა მას, ვისაც დოკუმენტი უნდა შეესრულებინა, მან, ალბათ კიდევ ვინმეს. საბოლოოდ დამპირდნენ რომ რეგისტრაციაში გატარების შემდეგ მზა საბუთს მეორე დღეს გამომატანდნენ, თუმცა ის ჯერ კიდევ არ მიმიღია.

სანამ ბათუმის კინოფესტივალიდან თბილისსში დავბრუნდებოდი ერთი ძალზედ საინტერესო დოკუმენტური ფილმის ნახვა მოვასწარი, ეს ფილმია: “ისევ მოედანზე” /Back to the square/. ფილმი გადაღებულია ეგვიპტეში, იანვრის რევოლუციის დაწყებიდან 10 თვის განმავლობაში და მოთხრობილია ხუთი რიგითი ეგვიპტელის ცხოვრება. ვინმემ იცით რა ხდება ეგვიპტეში მუბარაქის გადაყენების შემდეგ? ჩვენ საინფორმაციო გამოშვებები მხოლოდ 2-3 წუთიან სიუჟეტებს გაჩვენებენ, გვიყვებიან ვნებათაღელვის შესახებ, გვითარგმნიან მანიფესტანტების მოთხოვნებს. რევოლუცია მთავრდება, ჩვენ კი აღარაფერი ვიცით იმ ადამაინების შესახებ ვისაც კადრში ვხედავდით. არ ვფლობთ ინფორმაციას რა ბედი ეწევა ქვეყანას რევოლუციის შემდეგ. ეგვიპტის შემთხვევაში კი მოვლენები ასე განვითარდა. მუბარაქის რეჟიმი სამხედრო რეჟიმმა ჩაანაცვლა, სამხედროები ნებისმიერ მანიფესტაციას სამხედრო აჯანყების კვალიფიკაციას აძლევენ, ეგვიპტეში გაუქმდა სამოქალაქო სასამართლო და ყველას სამხედრო ტრიბუნალი ასამართლებს. ქვეყანაში სრული განუკითხაობა და ქაოსია, ის ადამაინები კი ვინც ტაჰირის მოედანზე დიქტატორის გადადგომასა და დასჯას მოითხოვდა, ხვდება რომ რევოლუციას კარგი არაფერი მოუტანია. როგორც ბისმარკი ამბობდა,- “რევოლუციას გენიოსები გეგმავენ, რომანტიკოსები ახორციელებენ, რევოლუციის ნაყოფისაგან კი სარგებელს ნაძირალები იღებენ”. როდესაც ბათუმში ამ ფილმს ვუყურებდი, ვერც კი წარმოვიდგენდი რომ ორ-სამ დღეში ჩემ ქალქში ასეთი მასშტაბური მანიფესტაციები დაიწყებოდა. ქუჩაში ყველა ერთმა მოვლენამ გამოიყვანა, – პატიმრების წამების ამსახველმა კადრებმა. აი, აზრი მაშინ გაიყო, როდესაც საქმე მოთხოვნების წამოყენებაზე მიდგა. როგორც ადრე მრავალჯერ ვახსენე პოსტებში, ტელევიზორს არ ვუყურებ, თუმცა facebook-ი ორო დღეა გადაჭედილია სიახლეებით ამ თემის ირგვლივ, აქედან გამომდინარე ყოველწამიერი ინფორმაცია მაქვს მიმდინარე მოვლენების შესახებ. პროტესტის მონაწილეები მოითხოვენ სასჯელ აღსრულების დაწესებულების თანამშროლების იმავე წესით დასჯას, როგორც ისინი პატიმრებს ექცეოდნენ. ძირითადი აქცენტი, მაინც ანუსში ცოცხის ტარის მოთავსებაზე კეთდება და საერთოდაც ბოლო დღეების განმავლობაში ცოცხმა პოპულარობით ყველა სახვა საოჯახო ნივთი ჩამოიტოვა, ქართველებისთვის ასე საყვარელი მაცივარიც კი. ასევე, მოთხოვენებს შორისაა საყოველთაო ამნისტია, ანუ უკლებლივ ყველა მსჯავრდებულის გათავისუფლება და პრეზიდენტის გადადგომა. ქართველი facebook მომხმარებლების დაახლობით ნახევარმა შავი ფერის პროფაილ ფიქი დაიყენა სოლიდარობის ნიშნად. სანამ ამ პოსტს ვწერდი, ამ დროში გამოიცვალა ორი მინისტრი, სასჯელაღსრულების მინისტრად დაინიშნა გიორგი ტუღუში, რომლის დანიშვნამაც ძალზედ გამახარა და თანამდებობიდან გადადგა შსს მინისტრი ახალია რომლის მოვალეობასაც მისი პირველი მოადგილე ეკა ზღულაძე შეასრულებს. თავისი კანდიდატურა მოხსნა მაჟორიტარობის რამდენიმე კანდიდატმა. მიხეილ სააკაშვილის ოფიციალურ ფბ გვერდს unlike გაუკეთა 2342 მომხმარებელმა, პოლიტიკურმა პარტიებმა “შეწყვიტეს” წინასაარჩევნო აგიტაცია და ახლა ზურგს უკან განთავსებული თავიანთი პარტიების ბანერებით, გამოსაჩენ ადგილას მოთავსებული საარჩევნო ნომრით და ხელში პარტიის დროშით მხოლოდ მსჯავრდებულებისადმი სოლიდარობაზე საუბრობენ.

ამ ყველაფრის მიღმა კი კულტურაა. თბილისში თეატრალური ფესტივალი, ხოლო ბათუმში კინოფესტივალი. წამოსვლის წინ ძალზედ მწყდებოდა გული რომ ვერ მოვასწარი ერთი უკრაინული ფილმის ნახვა,-  “სახლი კოშკურით” /House with turrent/,  რომლის თრეილერმაც ერთიანად შემძრა. ვიმედოვნებდი რომ დაბრუნებისას ინტერნეტით მაინც შევძლებდი მოძიებას, თუმცა ამ ფილმზე ტორენტებიც კი სდუმან.  ბათუმის კინოფესტივალი მომავალ წელსაც გაიმართება და ამჯერად მაინც ბოლომდე დავესწრები. მანამდე კი მაქვს რამდენიმე ფილმი, რომლესაც უახლოესი დღეების განმავლობაში ვნახავ.

Advertisements

One thought on “რევოლუციის შემდეგ

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s