სამარხვო ბლოგი

ჯუთა, ჭაუხი, აბუდელაური და ლაშქრობის სიამ-ტკბილობები

7 Comments

უკვე მესამე წელია ყოველ ზაფხულს ვიკიდებ ზურგზე რუკზაკს, ვაწყობ ორი-სამი დღის სამყოფ საკვებს, ტანსაცმელს, დამატებით აღჭურვილობას ლაშქრობისთვის და ხევსურეთისკენ მივეშურები. ხევსურეთზე უფრო მისტიკური ადგილი, ალბათ, დედამიწაზე ძნელად თუ მოიძებნება. ამ მიწაზე ფეხის დადგმისთანავე გრძნობ განსაკუთრებულ ენერგეტიკულ მუხტს, რომლის მძლავრი ენერგიაც თბილისში დაბრუნების შემდეგაც დიდი ხნის განმავლობაში რჩება შენში და გრძნობ ამ ძალას.

BeFunky_ჭაუხი.jpg

წელს პირაქეთა ხევსურეთს ვესტუმრე. რაოდენ გასაოცარიც უნდა იყოს, ყოველწლიურად საეჭვოდ ემთხვევა ჩემი ვიზიტი ამ მხარეში ადგილობრივ ათენგენობის დღესასწაულს, რომელსაც აქ ხატობას უწოდებენ. ათენგენობა ქრისტიანული წმინდანის სახელთან დაკავშირებული დღესასწაულია, რომელიც უხვად არის გაჯერებული წარმართული რიტუალებით. ამ დღესასწაულის შესახებ მეტი შეგიძლიათ იხილოთ ჩემ შარშანდელ ბლოგ-პოსტში ამ ბმულზე.

ლაშქრობა ჯუთადან დავიწყეთ, რომელიც ხევში, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. ჯუთას ხეობა განთავსებულია ზღვის დონიდან 2200 მეტრზე. აქედან გზა ჭაუხის უღელტხილისკენ საკმაოდ შორი და დამღლელია. განუწყვეტლივ ზევით, უფრო და უფრო მაღალ რელიეფზე გიწევს სიარული, სანამ სულ ცაში არ აღმოჩნდები. თავა ჭაუხის უღელტეხილი ზღვის დონიდან 3338 მეტრზე მდებარეობს და მისი ზედაპირის დიდი ნაწილი უდნობი თოვლით არის დაფარული. გზას კიდევ უფრო ართულებს მწველი ალპური მზე და წნევის ცვალებადობა. ყოველ ნაბიჯზე სუნთქვა უფრო და უფრო მეტად გიჭირს. თუმცა, გამხნევებს აზრი რომ სულ მალე, როდესაც მწვერვალს გადაივლი უკან დაგრჩება ხევის პირქუში ლანდშაფტი და შენს თვალწინ გადაიშლება აღთქმული მიწა – ხევსურეთი.

ცაში ნაპოვნი მთის ბროლი

ცაში ნაპოვნი მთის ბროლი

მიუხედავად იმისა, რომ ჭაუხისკენ  მიმამავალი ბილიკი ძნელი გასავლელია, აქ პირდაპირი მნიშვნელობით გზაზე ყრია მთის ბროლი. მთის ბროლის მაგიური თვისებები მსოფლიოს სხვადასხვა კულტურებში გამოიყენება სხვადასხვა მიზნით. დიდი დატვირთვა აქვს აღმოსავლურ მისტიციზმში, როგორც ჩინურ, ტიბეტურ, ასევე ინდურ კულტურაში. საქართველოს აღმოსავლეთის მთიანეთში კი მთის ბროლს იყენებენ ხატის და საფლავის მოსართავად, ასევე ხშირად გვხვდება წყაროს თავზე. დღისით მზეზე თეთრად  ბრწყინავს მისი ზედაპირი, ღამით კი მთვარის შუქს ირეკლავს და ერთგვარ მანიშნებლადაც შეიძლება გამოდგეს, რათა წყაროს მიაგნო. მთის ბროლი რამდენიმე ნატეხი წელს ჭაუხიდან წამოვიღე, რომელიც მართლაც ცაში ვიპოვე, უღელტეხილის უმაღლეს მწვერვალზე. რიდესაც ეს გზა უკვე გამოვლილი გაქვს და აბუდელაურიდან ახედავ მწვერვალს, ძნელად თუ დაიჯერებ რომ რამდენიმე წუთის წინ ასეთ სიმაღლეზე იყავი – ერთი ხელის გაწვდენაზე ღმერთთან. ალბათ ასეთი რელიეფის გამო არის დაკავშირებული ამ მიწაზე ყველა კუთხე-კუნჭული ლეგენდებთან დევებზე და ღვთის შვილებზე. აბუდელაურის ტბები ის ადგილია, სადაც ხევსურული მითის მიხედვით იახსარმა (ღვთის შვილმა) უკანასკნელი დევი დაამარცხა.

BeFunky_მდინ.jpg

თუმცა, სანამ იმ ადგილამდე მივიდოდი სადაც გიგანტები ერთმანეთს ებრძვიან კიდევ რამდენიმე საათის გზა მქონდა დარჩენილი. შორს კი ღრუბლებში იყო გახვეული მწვერვალები, ღრუბელი შორიდან – მწვერვალზე კი ეს ნისლია. შესაბამისად მომიწია ავჩქარებულიყავი, რათა გაწვიმებამდე მომესწრო “რუბიკონის გადალახვა”. ჩემი ჯგუფის, საკმაო ხნის, უშედეგო ლოდინის შემდეგ გზა ტბაგანვაგრძე. საბედნიეროდ გზად სხვა ჯგუფის წევრები შემხვდნენ, რომლებთან ერთადაც შემეძლო სვლა გამეგრძელებინა. ვერსად ვერ შეხვდებით ისეთი რაოდენობის ალტრუისტულად განწყობილ ადამიანს, როგორც ლაშქრობაში. აქ ყველა კეთილგანწყობილია, ადგილობრივი თუ ტურისტი, ქართველი თუ უცხოელი. ყველა ცდილობს სითბო გამოიჩინოს. გეკითხებიან რამით ხომ არ შეუძლიათ დაგეხმარონ. გზად შემხვედრი ყველა ჯგუფი რაღაცას გთავაზობს, უკრაინელები უკრაინიდან ჩამოტანილ ორცხობილებს, ქართველები თბილისში ნაყიდ კოწახურის კანფეტებს, ან თავიანთი სოფლის ჭაჭას. თუ დასაბანაკებელ ადგილს ეძებ გთავაზობენ მათ გვერდით გაშალო კარავი. მოკლედ, ჭაუხების მწვერვალები წრმატებით დავიპყარი და მშვიდობიანად დავბანაკდი. თუმცა, ჩემი ჯგუფის წევრებმა ვერ მოასწრეს გადმოსვლა. ღამით ნისლი ჩამოწვა, რის გამოც გზა აებნათ და არასწორი ბილიკით სცადეს ჩამოსვლა, მოუწიათ უკან აბრუნება და მწვერვალზე, არც ისე სახარბიელო პირობებში, დაბანაკება . ჩემი ახალი ჯგუფიდან რამდენიმე ადამიანი მათ საძებნელად წავიდა, თუმცა მწვერვალზე უკან ასვლა ვერც ამათ შეძლეს, საქმეს ისიც ართულებდა რომ მოგვიანებით თოვლიც წამოვიდა. საბოლოო ჯამში, ორი დღის განმავლობაში არ ვიცოდით სად და როგორ იყვნენ იმ ჯგუფის წევრები, რომლებთან ერთადაც დავიწყე ლაშქრობა.

BeFunky_აბ.jpg

როგორც კი მწვერვალზე ფეხს შედგამ და ხევსურეთი გამოჩნდება, ხვდები რომ ეს ის ადგილია, სადამდე მოსაღწევადაც ღირდა ამხელა გზის გამოვლა. უყურებ 3338 მეტრიდან დაბლა შენს წინ გაშლილ ველს სამი ტბით და სამყარო ფერებს იძენს. აბუდელაურზე სამი ტბაა,- თეთრი, მწვანე და ლურჯი. სახელები პირობითი სულაც არ არის. სამივე ტბის ფერი მკვეთრად განსხვავდება ერთმანეთისაგან. აქედან ერთ-ერთ ტბასთან მოხდა სწორედ უკვე ნახსენები იახსარისა და უკანასკნელი დევის შერკინება. ფშავ-ხევსურული მითის მიხედვით დევები ავიწროებდნენ  მოსახლეობას, ბილწავდნენ მათ სალოცავებს, პატივს ჰყრიდნენ მათ ქალებს, კლავდნენ ბავშვებს. ამით შეწუხებულმა მთიელებმა თავიანთ ღვთაებებს მიმართეს და სთხოვეს დახმარება დევების განდევნაში. ღმერთის კართან სათათბიროდ შეკრებილმა ღვთისშვილებმა უზენაეს ღმერთს დევების დასჯა სთხოვეს. წინამძღოლის ასარჩევად ღმერთმა ხვთისშვილთა ძალა გამოსცადა. მან სამოც ლიტრიანი სასწორ-ჩარექი დაუდგა 63 ღვთისშვილს,-“მაგას იახსარ აიღებს, არაგვის მხრიდან არია!” მართლაც აიღო იახსარმა. დამბადებელმაც მას დაულოცა თავისი მშვილდი და ისარი. “ფალავნად გამაიყვანეს ღვთი შვილთა იახსარიო”. მაშინვე “შეიყრებიან დევები, სადაც დიდ მოედანია” ერთმანეთს მხარი მისცეს და დაიწყო დიდი ომი. ეს მოხდა დევთა ქორწილში. გამოჩნდა დევთა დედა,- “დედა ჰქოლია ცხრა თავი, ცხრა ვაჟის დედა-ქალია… სალუდე ქვაბი თავს ედვა, ა იმან შამდვა ზარია. დავბრუნდი უკან, ამბობდის – შეშინდა იახსარია”. გმირს შერცხვა, ლახტი ესროლა და თავს დააქცია ბანია. მომდევნო სროლის შემდეგ დევმა ტანი კლდეს შეაფარა, რომელიც ორად გადაიყო. სხვათაშორის, ლეგენდაში ნახსენები შუაზე გაპობილი უზარმაზარი ლოდის ნახვა ახლაც შეგიძლიათ აბუდელაურის ტბებიდან როშკისკენ მიმავალ გზაზე.  მითის მიხედვით ლოდიდან ანასხლეტი ნაფოტი დევს თვალში მოხვდა და ცალი თვალით დაბრმავდა. დევი აბუდელაურს ტბაში ჩაეშვა, რის შემდეგაც იახსარი ჩაჰყოლია დევს. დევის უწმინდურმა სისხლმა ტბის პირი შეკრა და იახსარს აღარ შეეძლო უკან ამოსვლა.  ტბის პირას ოთხ რქიანი და ოთხ ყურიანი ცხვარი დაუკლავთ, რომლის სისხლმაც განწმინდა ტბა და იახსარი გათავისუფლდა.

აბუდელაურის ტბებიდან რამდენიმე კილომეტრის მოშორებით მდებარეობს უახლოესი დასახლებული წერტილი – სოფელი როშკა. ადგილი სადაც ფშავ-ხევსურული მითები და ლეგენდები იღებს სათავეს. სადაც იბადებოდნენ გიგანტები და ღვთისშვილები, მის შემოგარენში ყინულის სვეტებად აღმართულ კლდეებზე ბინას იდებდნენ ღმერთები. სადაც დღემდე ახსოვთ ბუმბერაზთა შერკინება, ხარშავენ ნამდვილ ხევსურულ მთის ლუდს და გამვლელებს უმასპინძლდებიან.

Advertisements

7 thoughts on “ჯუთა, ჭაუხი, აბუდელაური და ლაშქრობის სიამ-ტკბილობები

  1. შენი პოსტით ვიმოგზაურე ❤
    ერთხელ აუცილებლად წავალ!

  2. დამასწრო სალომემ 🙂
    პ.ს. გადასარევი ფოტოებია 🙂

  3. აუ რა სასწაული სურათებია ❤

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s