სამარხვო ბლოგი

ბაღის მასწავლებელი

დატოვე კომენტარი

ისინი ასეთები არიან, კეთილები, გულისხმიერები, მუდმივად ვიღაც განსაკუთრებულს ეძებენ. დედობისთვის იბადებიან. პოეზია და ყვავილები უყვართ. მათ ერთი უცნაური ნიჭი აქვთ, დროში მოგზაურობენ, ასევე გადაადგილდებიან სივრცეში ტრანსპორტისა და ტელეპორტაციული უნარის  გარეშე. ზემოთ ჩამოთვლილი თვისებების გარდა, მათ სხეულის გამოცვლაც შეუძლიათ. ინდუისტური ღმერთების მსგავსად უამრავი განსხეულება აქვთ და ერთმანეთისგან ფიზიონომიის და სოციალური სტატუსის გარდა არაფერი განასხვავებთ. მათ შეხვდებით ყველგან, ოჯახში, კლასში, უნივერსიტეტის აუდიტორიებშიც კი, სადაც მათი ადგილი ყველაზე ნაკლებად არის. ძირითადად ბევრ და თან საამაყო შვილს აჩენენენ. თუ გარემოებათა გამო ეს არ გამოუვათ მეზობლების, ნათესავების, მეზობლების ნათესავების და სხვათა და სხვათა მეურვეობას მიჰყოფენ ხოლმე ხელს. რაც მთავარია, ამოჩემება იციან. თუ სკოლის მასწავლებელში ან და თუნდაც, ბაღის აღმზრდელში განსხეულდა აუცილებლად დაადგამს თვალს ერთ რომელიმე რჩეულს და არწმუნებს რომ რაღაცით გამორჩეულია. დაატარებს წინ და უკან, აძლევს განსხვავებულ დავალებებს, სკოლის ჟურნალს ჩააბარებს და დღენიადაგ უჩიჩინებს რომ განსაკუთრებულია, მანტრსავით უმეორებს და მასაც ამეორებინებს იქამდე, სანამ არ დარწმუნდება რომ მისმა რჩეულმა ეს მთელი სისავსით გაისიგრძეგანა და მასავიც მყარად სწამს.

მშობლებში განსხეულებულნი ოდნავ განსხვავებული მეთოდებით მოქმედებენ. 4 ან 5 წლიდან სილამაზის კონკურსში მიაღებინებენ მონაწილეობას, შეიყვანენ ცეკვის წრეზე, თუნდაც ამისი არანაირი მონაცემი არ ჰქონდეს. ან და თუ ბიჭია, ფეხბურთზე ან რაიმე სხვა მსგავს სპორტზე, მთავარია გუნდური სპორტი იყოს და თავის თანატოლებში თავის გამოჩენის საშუალება მიეცეს. მერე რასაკვირველია, არწმუნებენ რომ საუკეთესოა, თუ მარცხი განიცადა, ეს აუცილებლად უსამართლობა იყო, ვინმემ შედეგები გააყალბა, ან ბოლოს და ბოლოს, მერწყული შევიდა სატურნში, ვარსკვლავების განლაგებამ არ უწყალობა და ჩვენი ვარსკვლავთბიჭუნაც ამის გამო დაიჩაგრა.

ასე ჩნდებიან პატარა ტირანები, რომლებსაც ბავშვობაში დააჯერებს რომ ყველაზე კარგები იყვნენ, დამარცხებას არ უნდა შეეგუონ და თუ მაინც აჯობა ვინმემ ეს უსამართლობა იყო. უსამართლობასთან, კი რა თქმა უნდა, ყველანაირი ფორმით უნდა იბრძოლო, დაამარცხო ის ნებისმიერ ფასად და ღირსება აღიდგინო, შენი შესაფარისი უმაღლესი ადგილი დაიმკვიდრო დიდების მწვერვალზე.

სწორედ ასეთი ქალია ნირა. ნადავ ლაპიდის ფილმის – ბაღის მასწავლებლის (The kindergarten teacher ) მთავარი გმირი. ეს ფილმი დღეს ვნახე ბათუმის საავტორო კინოს საერთაშორისო ფესტივალზე. ნირა მოსწავლეებს პატრიოტულ, ნაციონალისტურ ლექსებს აზუთხინებს. ტექსტები დითირამბებს უძღვნიან წარსულის გმირებს, მათ სიმამაცეს განადიდებენ. აღსაზრდელებმა კარგად უნდა იცოდნენ რომ ისინი “ვიღაც უბრალო” ხალხის შვილები კი არ არიან, არამედ მათი გენეტიკური ვალია იყვნენ საუკეთესონი. იყვნენ ახალი გმირები თავიანთი ხალხისთვის. ნირა თავის გამორჩეულ მოსწავლეს, რაღა თქმა უნდა, გაათმაგებული ძალისხმევით უხსნის გენეტიკური განსხვავებულობის ნიუანსებსაც. მისმა რჩეულმა აუცილებლად უნდა იცოდეს სეფარდებსა და აშქენაზებს შორის განსხვავება.

ახლა ცოტაოდენი თავად ნირას შესახებაც, ის დაახლოებით 40 წლის რადიუსშია, შესაძლოა ცოტა ეკლდეს ამ ასაკამდე. მაგრამ მხნეობა ჯერ არ დაუკარგავს, ფრიგიდული თვალების და “პოეტური სულის” მიღმა, სექსუალური ქალი იმალება, რომელსაც შეუძლია ვნებები საჭირო დროს და ადგილას გააღვიძოს, მთელი სიდიადით მოაფრქვიოს ესტროგენების მგზნებარე სურნელი და დიადი მიზნების სამსახურში ჩააყენოს. ნირამ უკვე მოასწრო ორი საამაყო შვილის აღზრდა სამშობლოსთვის, უფროსი სამხედრო სამსახურშია და სულ ახალგზადრდამ ოფიცრის ტიტულიც მიიღო. თუმცა, შვილები მაინც უკვე გაზრდილები არიან. ახლა აღსაზრდელების დროა, მათში უნდა გააღვივოს განსაკუთრებულობა. ერთ-ერთი გამოარჩიოს და დიდებისკენ მიმავალი გზა გაუკვალოს.

ცხოვრების მანძილზე უამრავი ნირა მინახავს. როგორც უკვე აღვნიშნე, ისინი ერთმანეთისგან არაფრით განსხვავდებიან. ყველა ზედმიწევნით ფემინურია, ნაზი და სათუთი. კარიერაში ყოველთვის წარუმატებელი. თუმცა, არც ეს არის გასაკვირი, მათი მოწოდება და ჭეშმარიტი ვალი ხომ კარიერული წინსვლა კი არა, მომავალ თაობებზე ზრუნვაა. ახალი სტალინების, ჰიტლერების, დუჩეების, კადაფების გამოძერწვა, თავდაჯერებული იდიოტების, რომლებმაც ერის სულიერი მისია უნდა იტვირთონ. რომლებსაც სჯერათ თავისი გამორჩეულობის, შეძლებენ ეს თავდაჯერებულობა მასებსაც გადასდონ და “დიად” მიზნებს შესწირონ სიკვდილისთვის, სამშობლოსთვის დაბადებული “ჩვეულებრივი” ადამიანები.

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s