სამარხვო ბლოგი

ოდესღაც დედაჩემი

დატოვე კომენტარი

r1300718_17793800როდესაც, BIAFF-ის პროგრამაში წავიკითხე „ოდესღაც დედაჩემი”, [Once my mother]  დიდი მოლოდინი არ მქონია არ ფილმის მიმართ. ვერ ვიტყვით, ფილმის სახელი განსაკუთრებული ორიგინალურობით გამოირჩევაო, პირველი რაც გახსენდება პედრო ალმოდოვარის „ყველაფერი დედაჩემი შესახებ” არის. შემდეგ კრიმინალური საკულტო ფილმი, რომელსაც დღემდე ეტრფის 90-იანების რომანტიზმით დატყვევებული ქართველი მაყურებელი „ერთხელ ამერიკაში”. მოკლედ, ფილმზე წინასწარი წარმოდგენები ალმოდოვარიდან სერჯიო ლეონემდე მერყეობს და ფიქრობ, რომ ერთის ან მეორის გავლენით იქნება გადაღებული. მე ამ ფილმს სახელს ნამდვილად შევუცვლიდი, თუნდაც ამ უკანასკნელზე ასოციაციების თავიდან ასაცილებლად.

მიყვარს ფილმები, რომლებიც იმდენად მძაფრ ემოციებს აღძრავენ ჩემში, რომ ტირილამდე მივყავარ. ეს ერთგვარად შეიძლება ჩემი კინემატოგრაფიული მაზოხიზმიც იყოს. თუმცა, ამას კინოზე ხშირად სპექტაკლები ახერხებენ ხოლმე. რამდენიმე წლის წინ კარგად ვისლუკუნე ახმეტელის თეატრის სპექტაკლზე „ნათელი ბნელში”, ამ ორი სიტყვის გახსენებაზე დღემდე იწყებენ ხოლმე სენტიმენტების ჭიაყელები ფუთფუთს ჩემ სხეულში. ფილმზე როდის ვიტირე ბოლოს არ მახსოვს. ალბათ, სწორედ „ერთხელ დედაჩემს” ელოდნენ ეს ჭიაყელები, რათა პირველივე კადრის დანახვაზე ფერფლიდან აღმდგარიყვნენ და თავაშვებულ მოთქმა-გოდებას მისცემოდნენ, ეპოვათ სიცოცხლის წყარო და ხანგრძლივი ძილიდან ახალ გამოღვიძებულებს შლეგი ხორუმი მოეწყოთ ჩემ ემოციათა სამყაროში. ეს მუხტი ოდნავადაც არ განელებულა პირველივე კადრიდან ფილმის დასრულებამდე. ეს კი არა და დარბაზიდან გამოსვლის შემდეგაც დიდი ხნის განმავლობაში ვერ ვახერხებდი ლაპარაკს.

ყველაზე უცნაური ის არის, რომ ეს მოახერხა დოკუმენტურმმა კინომ, ყოველგვარი ზედმეტი მხატვრული ელემენტების გარეშე. იმგვარი ინსტრემენტების გამოყენების გარეშე, რომელიც ხელს უწყობს ემოციების გაძლიერებას. არ ვიცი რა ჯადოქრული ხერხები გამოიყენა, მაგრამ სოფია ტურკიევიჩმა შეძლო დოკუმენტური კადრების გამოყენებით შეექმნა ფილმი, რომელიც ყველაზე გუქლვა მაყურებელსაც აატირებს, გულს მოულბობს, გააადამიანურებს. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ჰუმანუსტური ფილმი, ალბათ, დოკუმენტური კინოს ისტორიაში.

„ოდესღაც დედაჩემი” არის ავტობიოგრაფიული ნამუშევარი, რომელიც რეჟისორისა და დედამისის ცხოვრების შესახებ გვიყვება. სოფიას დედა ობოლი გოგონა იყო, რომელიც მეორე მსოფლიო ომამდელ პოლონურ სოფელში ცხოვრობდა ბიძასთან. ექსპლუატატორი ბიძა ფაქტობრივად მონურ პირობებში ამყოფებდა ბავშვს, მოგვიანებით კი საერთოდ გააგდო სახლიდან. ელენა ერთ ხანს სოფლის მიტოვებულ ბარაკებში თუ ბოსლებში ათევდა ღამეებს. უწევდა საკვების მოპარვა და სიცივეში ძილი. შემდეგ ქალაქს მიაშურა, სადაც არავინ ელოდა. ქალაქში ცხოვრებაც საკმაოდ მძიმე იყო, თუმცა როგორც თვითონ ამბობს ფილმში, ცდილობდა სუტინიორების ხელში არ მოხვედრილიყო და ბედნიერია ამით რომ ეს თავიდან აიცილა. მოგვიანებით სოფიას საცხოვრებელი პოლონური ქალაქი ნაცისტების ხელში აღმოჩნდა, საიდანაც მოუწია წასვლა და აღმოსავლეთით სხვა ქალაქს შეაფარა თავი. ეს ქალაქი კი თავის მხრივ სტალინის ხელში გადავიდა და ელენა, სხვა ბევრ პოლონელთან ერთად ყარელია ფინეთის გულაგში გადაასახლეს . როგორც მოხუცი იხსენებს გზაში ბევრი მათგანი დაიღუპა, – სიცივის, შიმშლის, გაუწყლოების თუ გულაგავადმყოფობის გამო. წყურვილის მოსაკლავად, სატვირთო მატარებლით მგზავრობისას, ვაგონის კედლებზე გაჩენილ ყინულებს ლოკავდნენ. ამასაც არ აცლიდნენ ერთმანეთს, ყველა ცდილობდა თავი გადაერჩინა. სოფიას დედამ უკიდურესი ჩრდილოეთის პირობებსაც გაუძლო და შუა აზიაში აღმოჩნდა, სადაც უკეთესი პირობები არ ელოდა. მეგობრობდა ერთ მოხუც ქალთან, რომელსაც ზოგჯერ პურს პარავდა, მოგვიანებით კი მოხუცი გარდაიცვალა. გარკვეული დროის შემდეგ ელენა ჯერ ირანში, შემდეგ კი აფრიკაში აღმოჩნდა. როდესაც ფილმის მთელი ქრონომეტრაჟის განმავლობაში მის გზას მიუყვება, უყურებ ქალს, რომელმაც გამოიარა შიმშილი და ავადმყოფობა დედამიწის ყოველ კუთხე-კუნჭულში და მაინც შეგიძლია მის თვალებში იპოვო ბედნიერების ნაპერწკლები, ხვდები რომ ის ყველა პრობლემა რაც შენ გაქვს, სავსებით არაფერია. თუმცა, ეს ფილმი ამისთვის არ გადაღებულა.

სოფიას დედისთვის საბოლოო გაჩერება ავსტრალია იყო, სადაც ბოლოს და ბოლოს იპოვა სულიერი სიმშვიდე და ოჯახი შექმნა. აფრიკაში ყოფნისას ერთი, წარმოშობით იტალიელი სამხედრო ტყვე შეყვარებია. ელენა საოცარი აღმაფრენით ყვება მასზე. თუმცა, იტალიელი დაოჯახებული აღმოჩნდა და გათავისუფლების შემდეგ თავის ცოლს დაუბრუნდა. ელენა კი დარჩა აფრიკაში პატარა სოფიასთან ერთად, რომელსაც ზღაპრებს ვერ უკითხავდა წერა-კითხვის უცოდინრობის გამო, მაგრამ უყვებოდა შოკისმომგვრელ ამბებს თავისი ცხოვრებიდან. ავსტრალიაში ჩასვლის შემდეგ დედას მოუწია პატარა სოფია ბავშვთა სახლისვის მიებარებინა. ალბათ, სწორედ ეს არის მიზეზი, რისთვისაც გადაწყვიტა სოფია ტურკიევიჩმა ფილმი გადაეღო დედაზე, რომელმაც მიატოვა, დედაზე, ელენარომელსაც თავადაც კარგად უნდა სცოდნოდა როგორია მიტოვება, როგორია უდედოდ ცხოვრება. თუმცა, ფილმის ყურება სწორედ ამის გამო ღირს. მაყურებელი და სოფია ერთად იგებენ კითხვებზე პასუხს, რომელიც რეჟისორს მთელი ცხოვრება სტანჯავდა.

ფილმის ყურებისას ზოგჯერ ფიქრობ, რამდენად სასტიკია სოფია, რომელიც დედამისს უსვამს ძალზედ მკაცრ შეკითხვებს მისი გადაწყვეტილებების შესახებ და სთოვს პასუხებს მოხუცს, რომელიც თავის შვილსაც კი ვეღარ ცნობს. თუმცა, ეს კითხვები რომ არა, ვერც ჩვენ და ვერც თავად სოფია ვერ მიიღებდა პასუხებს. ის ვერ გაიგებდა რომ დედამისი მის გამო გათხოვილა, რომ ოჯახის შექმნის მიზეზი ავსტრალიაში ყოფილა არა სიყვარული, არამედ ის რომ შვილის წამოყვანა შესძლებოდა თავშესაფრიდან. ფილმში ამის გარდა კიდევ ბევრი სხვა მძაფრი მომენტია. ზოგჯერ ვერ იგებ რატომ ტანჯავს შვილი აე საბრალო მოხუცს, რატომ უყვება თავისი გარდაცვლილი ნათესავების შესახებ, რომელთა დაღუპვის ამბავიც მან აქამდე არ იცოდა. თუმცა, სენტიმენტებს მოწყურებებული მაყურებლის გულს ეს ნამდვილად ახარებს. არ ვიცი ეს ამად ღირდა თუ არა, მაგრამ ამ ფილმის ყურებისას მძაფრი შეგრძნებები ნამდვილად არ მოგაკლდებათ. ზოგს თავისი მოხუცი დედა გაახსენდება, ზოგს ბებია, ზოგსაც შესაძლოა რომელიმე შორეული ნათესავი, თუმცა თითოულ მაყურებელს ცოტა მაინც გააკეთილშობილებს.

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s