სამარხვო ბლოგი

ერთი ერთზე დემონთან

დატოვე კომენტარი

ვინ არის ნამდვილი რეჟისორი. ვინ ქმნის კინემატოგრაფს, რომელსაც მაყურებლის დატყვევება, მოჯადოვება შეუძლია და ახერხებს მისი ფსიქიკა მთლიანად მართოს. კი, ეს კი კიმ კი დუკია, რომელიც ახერხებს დაგამუნჯოთ, ისე დაგთრგუნოთ, რომ რამდენიმე დღე შთაბეჭდილებიდან ვერ გამოდიოდეთ, თითქოს ტანში ჩაგისახლდა უცხო არსება, რომელიც აკონტროლებს შენს ფიქრებს, განცდებს და გაიძულებს მხოლოდ იმაზე იფიქრო, რაც კინოდარბაზში ნახე. რაღაც ჯადოსნური მარცვალი ჩათესა მუშაობისას, რომელიც ყამირ მიწაზე დავარდა, გაიდგა ფესვები კინოკადრებში და სუროსავით შემოეხვია ჯერ ფილმს, შემდეგ კი გადმოდის მაყურებელზე და საცეცებით წვდება გრძნობის ორგანოებს, სუნთქვას გიკრავს, კადრები ცვლიან ერთმანეთს, ყელში გეხვევა მწვანე საცეცები, კინოეკრანის შუქებით განათებულ სახეზე დაძაბული ღიმილი კუნთების სპაზმივით გეკვრება და სასოწარკვეთილი ხრიალი ამოგდის საყლაპავი მილიდან. თუ ამ ყველაფერს გრძნობ, ესე იგი კიმ კი დუკის ახალ ფილმს „ერთი ერთზე” [One on one] უყურებ.

ძალიან ბევრი რეჟისორია, რომელმაც წლების წინ ერთი-ორი კარგი კინო გადაიღო, წარმატების ზენიტს მიაღწია, ვიღაცებისთვის კერპად იქცა და ვერა და ვეღარ ჩამოვარდა დიდების პოსტამენტიდან. გაყეყეჩდნენ და იღებენ კინოს თავიანთი თავისთვის, აჰ, კიდევ რასაკვირველია კრიტიკის უნარ დაკარგული თავიანთი მრევლისთვის. ეს კინემატოგრაფი მხოლოდ ამ კონკრეტული რეჟისორისა და მისი ფან-კლუბისთვის არის განკუთვნილი, დანარჩენ სამყაროს მათი ნახვა არც რამეს შემატებს და არც უნახავობა დააკლებს რამეს. ჰო და, იღებენ ფილმებს და ახარებენ თავიანთ ჭიას, ტელევიზიები აშუქებენ ამბებს მათ შესახებ, თავაწეულები დადიან და ირგვლივ მყოფ ადამიანებს, მათ შორის მათ მადიდებლესაც, როგორც ჭიანჭველებს ისე უყურებენ, ასეთები BIAFF-ზეც ჩამოდიან ხოლმე, მასტერკლასებს ატარებენ და ეგოს იკმაყოფილებენ… არის კიდევ ერთი ფეხსცამელზე ქუსლჩაკეცილი სამხრეთ კორეელი კაცი, ასე დაფრატუნებს წითელ ხალიჩაზე და ალბათ, იმაზე ფიქრობს თავისი მომდევნო ფილმით როგორ გაუნადგუროს მაყურებელს ემოციური სამყარო. თავაწეული ვერ იფიქრებ, შესაბამისად ეს კაციც კინოს იმ სხვა maxresdefaultყეყეჩი ქურუმებისაგან განსხვავებით ადამიანის სულის ბნელ უფსკრულებს უჭვრეტს და ასე ქმნის ყველაზე საშინელ კინემატოგრაფს.

ვინ იფიქრებდა თუ „პიეტაზე” [Pieta]  დამთრგუნველი ფილმის გადაღება იყო შესაძლებელი. „აპოლოს“ დარბაზის წინ დიდი რიგი იდგა, ყველამ ვერ მოახერხა შესვლა, თუმცა ფილმის დაწყებიდან მალევე უამრავი ადგილი გათავისუფლდა დარბაზში. მაყურებლები უტყვი მზერით ტოვებდნენ დარბაზს. ვინც ბოლომდე შეძლო დარჩენა, მათი სახეები კიდევ უფრო უემოციო იყო, თითქოს რაღაც შენი ნაწილი დატოვე დარბაზში. ფილმი იწყება ძალადობრივო სცენით, სადაც თეთრ პერანგში და შავ კოსტუმებში გამოწყობილი ახალგაზრდა მამაკაცები თინეიჯერ გოგონას კლავენ, გაგუდული გოგონა მოწყვეტით ეცემა. ეს მხოლოდ დასაწყისია. რა შეუძლია ადამიანს, რომელსაც გამოსავალს არ დაუტოვებ? ის ყველაფერს შეძლებს. ასეთ, თუნდაც ერთ ადამიანს, შეუძლია მთელი სახელმწიფო სისტემის დანგრევა, საჭიროა მხოლოდ ერთი, საკმარისად გაბრაზებული ადამიანი და ის წამებით მოკლავს ძლიერი სახელმწიფოს ძალოვანი სტრუქტურების მთელ ელიტას, მაღალჩინოსნებს და შემსრულებლებს. მას ვერცერთი დამნაშავე ვერსად დაემალება, ხოლო როცა ის იპოვის მოძალადეებს,char2დაუწყებენ მუდარას რომ აპატიოს, იტყვიან რომ თვითონ არაფერ შუაში არ არიან, ისინი მხოლოდ ბრძანებას ასრულებდნენ. ათავისუფლებს კი ეს მათ პასუხისმგებლობისაგან?

ამაზე ერთი ნაკლებად ცნობილი ჰოლანდიური ფილმი გამახსენდა „ხასიათი“ [Character]. ერთ-ერთი პერსონაჟი სასამართლოს აღმასრულებელია. ამ ხნიერ კაცს ხშირად უწევს არც ისე სასიამოვნო საქმის შესრულება და ალბათ, გულის სიღრმეში დანაშაულის გრძნობაც სტანჯავს. ერთი ყურადსაღებია სცენაა ამ ფილმში, სადაც სასამართლოს აღმასრულებელს ესიზმრება გაბრაზებული ბრბო, ის კი შემაღლებულ ადგილზე ადის შიშველი, არაფერს არ ამბობს, იღებს თავისი თანამდებობის დამადასტურებელ მედალს, დემოსტრაციულად სწევს ჰაერში და გულზე იკიდებს. ამ წუთას ის არავინ არის, არავისი შვილი, არავისი მამა, არავისი მეგობარი, მხოლოდ სასამართლოს აღმასრულებელია. თითქოს ცდილობს უთხრას ბრბოს, რომ ამას ის არ აკეთებს, ყველაფერი სასამართლოს აღმასრულებლის ბრალია. მაგრამ აპატიებენ მას ყველაფერს? არც კიმ კი დუკის ფილმის პერსონაჟებს არ აპატია გაბრაზებულმა კაცმა.

ამ ფილმში ყველა დამნაშავეა, სახელმწიფო, ჩინოვნიკები, მოქალაქეები, შურისმაძიებლები. ისინი არ სვამენ კითხვებს, ისინი კლავენ. მთელი ფილმი ასე გრძელდება. მე ვფიქრობ, აქ ყველაზე მნიშვნელოვანი რამ სულ ბოლოს ხდება, როდესაც ერთი პერსონაჟი იტყვის ჯადოსნურ სიტყვას,- „რატომ“?  ალბათ, ბევრ თქვენგანს ლინდსი ანდერსონის „ო, იღბლიანო“ გაახსენდა და მისი კულმინაციური სცენა, სადაც ასევე მორჩილი მთავარი გმირი კითხვების დასმის გარეშე ასრულებდა სამუშაოს და მხოლოდ ბოლოს, როდესაც სთხოვეს გაეღიმა, გულწრფელად იკითხა,- „რატომ“?  ეს ცვლის ყველაფერს. შეიძლება, ამ სიტყვის შემდეგ თავშიც წამოგითაქონ, მაგრამ რაღაც მაინც შეიცვლება, თუნდაც თქვენში შეცვლის რაღაც პატარას და აღარაფერი იქნება ისე, როგორც უწინ იყო.

 

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s