სამარხვო ბლოგი


3 Comments

არ დაგავიწყდეთ ბესო

me_var_besoბესოს ყველა იცნობს. ბესო ყველას კლასელია, ყველა საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოშია, თქვენ ყოველდღიურად ხედავთ მას,- ავტობუსში თქვენს გვერდით ზის, ამავე ავტობუსს კი, როცა გაჩერებიდან დაიძვრება, კიდევ ერთი ბესო მოსდევს სირბილით რომ ღიად დარჩენილ კარებში ამოასწროს. კი, თქვენც ბესო იყავით, ზოგიერთი თქვენგანი მაინც. მერე გაიზარდეთ და დაგავიწყდათ. „ბესო” კი იმისთვის არის რომ ეს შეგახსენოთ.

სიმართლე რომ ვთქვა, მე არ მინახავს ამაზე უფრო მართალი ქართული ფილმი. ის არ კოპწიაობს და არ ვარდება თვითტკბობაში. სამწუხაროდ, უკანასკნელი ორი რამ ძალზედ ახლობელი და მშობლიურია ქართული კინემატოგრაფისათვის, როდესაც ხელოვანი, იქნება ეს დრამატურგი თუ რეჟისორი, ზედმეტად გაერთობა ხოლმე  სცენებით. უყურებ ფილმს და კადრების პარალელურად წარმოგიდგება რეჟისორის სილუეტი, რომელიც დგას კინოკამერის უკან და სიამოვნებისგან ხელებს იფშვნეტს, ცეკვით სცემს ბოლთას და მხრებს ათამაშებს. თავიანთი ნამუშევრების წარდგენისასაც ინარჩუნებენ ამ პოზას, ეშმაკური ღიმილი დასთამაშებთ ხოლმე სახეზე და ტკბებიან მოლოდინით, როგორ გააოცებენ მაყურებელს. გულში მანტრასავით იმეორებენ, – “ნახეთ რა გადავიღე, მმმ… თითებს ჩაიკვნეტთ”! ზოგჯერ, მართლაც კარგი ფილმი გამოსდით ხოლმე, მაგრამ რაღაც ისე არ არის, ზომიერება აკლია, ზედმეტად ფათეტიკურია, გადაჭარბებით ესთეტიკური. სიმადვილე და გულწრფელობა აკლია. „ბესოს” დანარჩენებისგან ეს ნიშანი განასხვავებს, ბესო ალალია. ის არ გეუბნება ,-“ნახე რა მაგარი პერსონაჟი გამოვუვედი ჩემ შემქმნელებსო”, პირიქით, ბავშვურად იჩეჩავს მხრებს და ზედმეტი თავმომწონეობის გარეშე ამბობს,- “რაც ვარ – ეს ვარო”. მგონი, ამ ფილმის მცირეწლოვანი მსახიობებიც კი არ გაერთნენ გადაღების დროს,- რა მაგრად ვთამაშობთო, არა და მაგრად თამაშობენ. უყურებ და ტკბები, გულში ფიქრობ, – რა კარგები ხართ, ეს როგორ მოახერხეთო.

ბესო ჩვულებრივი მოზარდია, რომელიც ბევრი სხვა სკოლის მსგავს სკოლაში სწავლობს, ჰყავს ბევრი სხვა ოჯახის მსგავსი ოჯახი და ბევრი სხვა მეგობრის მსგავსი ერთი მეგობარი. ვერ ვიტყვი რამით გამოირჩევა-მეთქი. ფილმის დამთავრების შემდეგ იმაზე ვფიქრობდი როგორი გაიზრდება ბესო, რა პროფესიას აირჩევს, რა ეყვარება, როგორი გემოვნება ექნება, იპოვის თავის თავს, თუ ვერა. ალბათ, ბევრჯერ შეიცვლება, ეყოლება ბევრი და ერთმანეთისგან განსხვავებული შეყვარებულები, ისინი მასზე სხვადასხვა დროს დიდ გავლენას მოახდენენ, არასწორად აირჩევს პროფესიას, მერე კიდევ ბევრჯერ შეიცვლის ამასაც. გამოიცვლის ბევრ სამსახურს, ბოლოს… თუმცა, ბოლო არ ვიცი. ვფიქრობ, საინტერესო ცხოვრება ექნება, კარგი ფილმივით საინტერესო და თავგადასავლებით სავსე. რაც დანამდვილებით ვიცი, ბესო არ მოიტყუება, არ გახდება თვალთმაქცი, ხარბი და „მეშჩანი”, ისეთი, როგორებიც მე და ბესოს არ გვიყვარს.

ბესოს ასაკში არავის არ უნდა “ბესო” იყოს. ყველას უნდა,  რაც შეიძლება მალე გაიზარდოს და თვითონ მართოს თავისი ცხოვრება, თუ უფროსებს არ გამოუვიდათ, მას აუცილებლად გამოუვა. შეიძლება, არც გამოუვიდეს, შეიძლება შეცდომებიც დაუშვას, მაგრამ ეს უკვე თავისი შეცდომები იქნება, თვითონ იდგება თავისი ცხოვრების ლოკომოტივის საჭესთან და თვითონვე იქნება პასუხიმგებელი. ძნელია იყო ბესო, მაგრამ როცა დრო გავა, როცა ყველაფერი შეიცვლება და წლების შემდეგ უყურებ პატარა „ბესოს”, გული სიამაყით გევსება შენს თითოეულ პატარა გამარჯვებაზე, უყურებ ცხრა მთის იქით დარჩენილ „ბესოს” და ფიქრობ, – ღმერთო, რამდენი მივლია, რამხელა გზა გამომივლიაო! ცხრა მთის იქიდან კი მოდის უამრავი სხვა პატარა „ბესო”, რომელსაც თავიდან და თავიდან აქვს თითოელი მთა გადმოსავლელი, სადაც ბევჯერ წაიქცევა, მაგრამ ოდესმე ისიც მიიხედავს უკან და მასაც აევსება სიამაყით გული ამდენი დაბრკოლების გადალახვის შემდეგ. წინ ბესო!