სამარხვო ბლოგი


%(count)s კომენტარი

ნუგზარი და მეფისტოფელი


ამ სპექტაკლის ნახვა დიდი ხნის წინ დავგეგმე. როგორც იქნა, მოვახერხე და გავეშურე. “ნუგზარი და მეფისტოფელი” – სამეფო უბნის თეატრში. პიესის ავტორი ლაშა ბუღაძეა. საერთოდ, ვფიქრობ, რომ ქართველებს დიდად არ გვაქვს კომედიების ნიჭი, აი დრამაში უფრო ძლიერები ვართ. ეს რით არის განპირობებული ფსიქოანალიტიკოსებმა იმსჯელონ, მე კი სპექტაკლზე მოგახსენებთ. მიუხედავად ჩემი ერთგვარი სკეპტიკური განწყობისა, მართლაც კარგი სანახაობა გამოვიდა. “სამეფო უბნის თეატრში” მთავარ და ერთადერთ პრობლემას დაბალი ტემპერატურა წარმოადგენს, თუმცა კარგი საზოგადოებისა და კარგი კლიმატის ტანდემი საკმაოდ დიდ იშვიათობაა, ამიტომ შეიძლება ეს მივუტევოთ ჩინებული სპექტაკლების სანაცვლოდ, რომელსაც ეს თეატრი გვთავაზობს ყოველ წარმოდგენაზე.

დროა ნუგზარი გაგაცნოთ. ნუგიჩა (როგორც მას მეზობელი გელა ეძახის მოფერებით) ერთობ კომიკური ტიპია კლასიკური თბილისური იუმორით, რომელმაც ვერა და ვერ აუღო ამ ცხოვრებას ალღო. ძნელია ასეთი ადამიანისთვის საზოგადოებრივი ნორმების მიღება, მითუმეტეს თუ ამ საზოგადოებაში წარმატებულობის კულტია, შენ კი ფილოსოფიის შესწავლაზე თავი არ გიმტვრევია. მედიცინა და სამართალი “წელს ქვევით” გეკიდა. ყველაფერი, როგორც ყველასათვის, ჩვენი მთავარი გმირისთვისაც სკოლაში დაიწყო. “დასაწყისში ხუთები, მერე სამები, მერე ორები, მერე სუუულ ორები. ჩათლახი მასწავლებლები, ბებერი მასწავლებლები და ბებერი კუანა დირექტორი, მერე ტექნიკური უნივერსიტეტი, სოფლელი ბიჭები,მახინჯი გოგოები”… რა უნდა ქნა კაცმა, რომელმაც შენი ადგილი ვერ იპოვე ცხოვრებაში. რა თქმა უნდა თვითმკვლელობაზე უნდა იფიქრო. ერთი….ორი…სამი და თავი ყულფში გაქვს… მაგრამ სიკვდილის წინ ქეთუშაზე იფიქრო ამდენი წლის მერე? ჰო, ქეთუშა ჩვენი ნუგიჩას სიყმაწვილის ტრფობაა. ერთხელ დაურეკა და კინოში დაპატიჟა. ქეთუშაც მოვიდა… 40 დაქალთან ერთად და ბილეთი არ შეხვდათ. Continue reading


2 Comments

მორჩილი სტუდენტების გამო

ყველაფერი იცვლება. დიახ, ყველაფერი იცვლება, თუმცა ფრაზა „ჩვენს დროს სულ სხვანაირად იყო“ რჩება. უფროსი თაობა ყოველთვის წუწუნებს, იმის გამო, რომ ეს ახალგაზრდები ისეთები აღარ არიან. უფროსი და უმცროსი თაობის ადამიანები ამ თაობათა ბრძოლაში კომპრომატებს უფრიალებენ ერთმანეთს და მანტრასავით იმეორებენ „ჩვენი დრო ჯობდაო“. ამას წინათ სწორედ ამგვარ ფიქრში დავიჭირე მეც ჩემი თავი და მერე შემეშინდა… ვითომ, მეც დავბერდი?! ეგ არ ვიცი, მაგრამ მგონი საღი განსჯის უნარი მაინც არ დამიკარგავს და თუ თვლი, რომ ეხლანდელი 14,15,16 წლის ბავშვები უფრო თავისუფლები არიან, ვიდრე ჩვენ ვიყავით ამავე ასაკში, მგონი ობიექტური რეალობა უნდა იყოს.

არა, ამ სიტყვაში მხოლოდ სექსუალურ თავისუფლებას არ ვგულისხმობ. Continue reading


4 Comments

Babe I’m Gonna Leave You

www.hotarunohaka.wordpress.com ჰოლის დღესასწაულთან დაკავშირებით სამარხვო ბლოგს ვჩუქნი ჩემს ბრძნულ აზრს…

დამტვრეული ძვლები ხის წებოთ შევაერთე, ავდექი და ქალაქის გასაფერადებლად წავედი.. ჯვალოს გუდაში ცელოფნის პარკებში დანაწილებული ფერადი ფხვნილები ჩავყარე.

გადავწყვიტე ყველა მოღუშულ და დეპრესიულ ადამინს ცხოვრება გავუფერადო, ასე ვთქვათ ცოტა ხნით ღმერთს ადგილი ავახიე.

მივხვდი, რომ შენგან უნდა წამოვსულიყავი და ახალი სამსახური მეძებნა.. ხო! შენთან ყოფნა პროფესიაა ჩემთვის.

დილის 6საათზე საქმეს შევუდექი.. წირპლებიანი ქალაქი, ჯერ კიდევ დორბლებს იწმენდდა პირიდან.  ყავისფერ დაკრუნჩხულ ხეებს მწვანე ფერი მოვასხი და ვარდისფერი გამოჭრილი ქაღალდების ყვავილები დავკიდე.

ნაცრისფერ კორპუსებს ყვითელი მზის ფერი ვაჩუქე.. ქუჩაში მოსიარულე მოწყენილ ადამინებს კი ფუნჯით ღიმილები მივუხატე..

გამხმარ, გაყინულ ბალახებს იასამნისფერი შემეფრილობა მივეცი და მატყლისგან მოქსოვილი პეპლები დავუსვი, ცოტა რომ გაეთბოთ მიწა.

ჩემი ჯვალოს გუდა თანდათან ცარიელდებოდა და მეჩეთის კედლებს ფერადი მინები დავხსენი..

დღის ბოლოს ანგარიშის ჩასაბარებლად როცა მივედი, მიკროსკოპით ქალაქს გადმოვხედე, ფერადი ტონები მომოფანტულიყო სახურავებზე და ადამინების წითელი თავები ქაოსურად მოძრაობდნენ.. მხოლოდ ერთი დადიოდი ნაცრისფერი, ჩვრით ჩემს გაფერადებულ ქალქს ასუფთავებდი და ამიტომ  Babe I’m Gonna Leave You