სამარხვო ბლოგი


დატოვე კომენტარი

ბაღის მასწავლებელი

ისინი ასეთები არიან, კეთილები, გულისხმიერები, მუდმივად ვიღაც განსაკუთრებულს ეძებენ. დედობისთვის იბადებიან. პოეზია და ყვავილები უყვართ. მათ ერთი უცნაური ნიჭი აქვთ, დროში მოგზაურობენ, ასევე გადაადგილდებიან სივრცეში ტრანსპორტისა და ტელეპორტაციული უნარის  გარეშე. ზემოთ ჩამოთვლილი თვისებების გარდა, მათ სხეულის გამოცვლაც შეუძლიათ. ინდუისტური ღმერთების მსგავსად უამრავი განსხეულება აქვთ და ერთმანეთისგან ფიზიონომიის და სოციალური სტატუსის გარდა არაფერი განასხვავებთ. მათ შეხვდებით ყველგან, ოჯახში, კლასში, უნივერსიტეტის აუდიტორიებშიც კი, სადაც მათი ადგილი ყველაზე ნაკლებად არის. ძირითადად ბევრ და თან საამაყო შვილს აჩენენენ. თუ გარემოებათა გამო ეს არ გამოუვათ მეზობლების, ნათესავების, მეზობლების ნათესავების და სხვათა და სხვათა მეურვეობას მიჰყოფენ ხოლმე ხელს. რაც მთავარია, ამოჩემება იციან. თუ სკოლის მასწავლებელში ან და თუნდაც, ბაღის აღმზრდელში განსხეულდა აუცილებლად დაადგამს თვალს ერთ რომელიმე რჩეულს და არწმუნებს რომ რაღაცით გამორჩეულია. დაატარებს წინ და უკან, აძლევს განსხვავებულ დავალებებს, სკოლის ჟურნალს ჩააბარებს და დღენიადაგ უჩიჩინებს რომ განსაკუთრებულია, მანტრსავით უმეორებს და მასაც ამეორებინებს იქამდე, სანამ არ დარწმუნდება რომ მისმა რჩეულმა ეს მთელი სისავსით გაისიგრძეგანა და მასავიც მყარად სწამს.

მშობლებში განსხეულებულნი ოდნავ განსხვავებული მეთოდებით მოქმედებენ. 4 ან 5 წლიდან სილამაზის კონკურსში მიაღებინებენ მონაწილეობას, შეიყვანენ ცეკვის წრეზე, თუნდაც ამისი არანაირი მონაცემი არ ჰქონდეს. ან და თუ ბიჭია, ფეხბურთზე ან რაიმე სხვა მსგავს სპორტზე, მთავარია გუნდური სპორტი იყოს და თავის თანატოლებში თავის გამოჩენის საშუალება მიეცეს. მერე რასაკვირველია, არწმუნებენ რომ საუკეთესოა, თუ მარცხი განიცადა, ეს აუცილებლად უსამართლობა იყო, ვინმემ შედეგები გააყალბა, ან ბოლოს და ბოლოს, მერწყული შევიდა სატურნში, ვარსკვლავების განლაგებამ არ უწყალობა და ჩვენი ვარსკვლავთბიჭუნაც ამის გამო დაიჩაგრა.

ასე ჩნდებიან პატარა ტირანები, რომლებსაც ბავშვობაში დააჯერებს რომ ყველაზე კარგები იყვნენ, დამარცხებას არ უნდა შეეგუონ და თუ მაინც აჯობა ვინმემ ეს უსამართლობა იყო. უსამართლობასთან, კი რა თქმა უნდა, ყველანაირი ფორმით უნდა იბრძოლო, დაამარცხო ის ნებისმიერ ფასად და ღირსება აღიდგინო, შენი შესაფარისი უმაღლესი ადგილი დაიმკვიდრო დიდების მწვერვალზე.

სწორედ ასეთი ქალია ნირა. ნადავ ლაპიდის ფილმის – ბაღის მასწავლებლის (The kindergarten teacher ) მთავარი გმირი. ეს ფილმი დღეს ვნახე ბათუმის საავტორო კინოს საერთაშორისო ფესტივალზე. ნირა მოსწავლეებს პატრიოტულ, ნაციონალისტურ ლექსებს აზუთხინებს. ტექსტები დითირამბებს უძღვნიან წარსულის გმირებს, მათ სიმამაცეს განადიდებენ. აღსაზრდელებმა კარგად უნდა იცოდნენ რომ ისინი “ვიღაც უბრალო” ხალხის შვილები კი არ არიან, არამედ მათი გენეტიკური ვალია იყვნენ საუკეთესონი. იყვნენ ახალი გმირები თავიანთი ხალხისთვის. ნირა თავის გამორჩეულ მოსწავლეს, რაღა თქმა უნდა, გაათმაგებული ძალისხმევით უხსნის გენეტიკური განსხვავებულობის ნიუანსებსაც. მისმა რჩეულმა აუცილებლად უნდა იცოდეს სეფარდებსა და აშქენაზებს შორის განსხვავება.

ახლა ცოტაოდენი თავად ნირას შესახებაც, ის დაახლოებით 40 წლის რადიუსშია, შესაძლოა ცოტა ეკლდეს ამ ასაკამდე. მაგრამ მხნეობა ჯერ არ დაუკარგავს, ფრიგიდული თვალების და “პოეტური სულის” მიღმა, სექსუალური ქალი იმალება, რომელსაც შეუძლია ვნებები საჭირო დროს და ადგილას გააღვიძოს, მთელი სიდიადით მოაფრქვიოს ესტროგენების მგზნებარე სურნელი და დიადი მიზნების სამსახურში ჩააყენოს. ნირამ უკვე მოასწრო ორი საამაყო შვილის აღზრდა სამშობლოსთვის, უფროსი სამხედრო სამსახურშია და სულ ახალგზადრდამ ოფიცრის ტიტულიც მიიღო. თუმცა, შვილები მაინც უკვე გაზრდილები არიან. ახლა აღსაზრდელების დროა, მათში უნდა გააღვივოს განსაკუთრებულობა. ერთ-ერთი გამოარჩიოს და დიდებისკენ მიმავალი გზა გაუკვალოს.

ცხოვრების მანძილზე უამრავი ნირა მინახავს. როგორც უკვე აღვნიშნე, ისინი ერთმანეთისგან არაფრით განსხვავდებიან. ყველა ზედმიწევნით ფემინურია, ნაზი და სათუთი. კარიერაში ყოველთვის წარუმატებელი. თუმცა, არც ეს არის გასაკვირი, მათი მოწოდება და ჭეშმარიტი ვალი ხომ კარიერული წინსვლა კი არა, მომავალ თაობებზე ზრუნვაა. ახალი სტალინების, ჰიტლერების, დუჩეების, კადაფების გამოძერწვა, თავდაჯერებული იდიოტების, რომლებმაც ერის სულიერი მისია უნდა იტვირთონ. რომლებსაც სჯერათ თავისი გამორჩეულობის, შეძლებენ ეს თავდაჯერებულობა მასებსაც გადასდონ და “დიად” მიზნებს შესწირონ სიკვდილისთვის, სამშობლოსთვის დაბადებული “ჩვეულებრივი” ადამიანები.

Advertisements


3 Comments

ჩვეულებრივი ვიქტორი

-სიკვდილის გეშინია?
-იცი რატომ მიყავთ საომრად ახალგაზრდები?
-ისინი ჯანმრთელები, ღონიერები, ენერგიულები არიან…
– არა, მათ ჯერ საკმარისი არ უცხოვრიათ რომ სიცოცხლე შეყვარებოდათ… სულელები არიან და სიკვდილის არ ეშინიათ.

ეს არის გეოგრაფიის მასწავლებლის და მისი მოსწავლის დიალოგი ახალი რუსული ფილმიდან “გეოგრაფს გლობუსი შემოახარჯა”. საავტორო კინოს ბათუმის საერთაშორისო ფესტივალზე სამწუხაროდ ამ ფილმმა პრიზი ვერ აიღო, თუმცა ერთმნიშვნელოვნად გამორჩეული ფილმია.

Geograf_Habenskyმთავარი გმირი ვიქტორ სერგეევიჩი ყველაზე ჩვეულებრივი რუსია, ყველაზე ჩვეულებრივი ადამიანი ჩვეულებრივ ადამიანთა შორის. არაფრით გამორჩეული სხვებისგან, სვამს, ეწევა, იცინის, უყვარს, იცის – რაც უნდა იცოდეს, ბრაზდება როცა საჭიროა, პატიობს, გაგებით ეკიდება, ეშინია… ერთი შეხედვით, მის ნაირ კაცზე რომანის დაწერა, მითუმეტეს ფილმის გადაღება, სრული სისულელეა. აბა ვის უნდა მოუნდეს, თავისი ძვრიფასი დროის დახარჯვა იმ კაცზე, ვინც თავის დროს არ უფრთხილდება.

თუმცა, ისეთებიც არსებობენ ვინც ამ ჩვუელბრივ ვიქტორში თავის თავს დაინახავს, ისინი ვისაც არც ბერლინის კედელი დაგვინგრევია, ვისაც უფალი არასდროს გამოგვცხადებია, ვისაც რაიხსტაგზე დროშა არ აღგვიმართავს, ვისაც რატომღაც არ მოგვეცა საშუალება საყვარელი ქალისთვის მაინც გვეჩხუბა და ამით ვინმესთვის ჩვენი სიყვარული ან და სიმამაცე დაგვემტკიცებინა. დედამიწის მოსახლეობის დიდი ნაწილი სწორედ ჩვენნაირი პატარა ვიქტორებისგან შედგება, ვინც ჩუმად მუშაობს, ჩუმად სუნთქავს და ჩუმად მიდის. Continue reading


2 Comments

მთელი ცხოვრება

f-lifeბათუმის საავტორო კინოს საერთაშორისო ფესტივალზე თურქი კინორეჟისორის ასლი ოზგეს ახალი ფილმის ნახვის საშუალება მომეცა. ასლი ოზგე ამჟამად ბერლინში ცხოვრობს, თუმცა მისი ახალი ფილმი – “მთელი ცხოვრება” სტამბულის მდიდრული კვარტალის ბინადრებს ეძღვნება. ის ამ ფილმით, ერთგვარად, აგრძლებს სხვა თურქი კინორეჟისორის – ჯეილანის რიტორიკას ადამიანებს შორის გაუცხოების შესახებ და ამჯერად გაუცხოების ახალ ფორმებს და მასშტაბებს წარმოგვიდგენს. ჯეილანთან მისი ახალი ფილმის სიახლოვის გარდა, კიდევ შეიძლება იაპონურ კინემატოგრაფთანაც დავინახოთ კავშირი, მე პირადად იასუძირო ოძუს ” ტოკიოს ამბავი” /tokyo story/ გამახსენდა.

ფილმში ხშირადაა ხელოვნურად გაწელილი კადრები. დამრჩა ისეთი შთბეჭდილება, თითქოს, ამით რეჟისორი რაღაც გაურკვეველი შთაბეჭდილების მოხდენას ცდილობდა მაყურებელზე. შესაძლოა, სურდა წარმოეჩინა გმირების უაზროდ გაწელილი, არაფრის მომცემი ცხოვრების დეტალები. თუმცა, მე მაინც ცფიქრობ რომ ოდნავ ზედმეტი მოუვიდა და სათქმელი უამისოდაც გასაგები იქნებოდა.

ფილმი გადმოგვცემს სტამბულის მდიდრულ კვარტალში მცხოვრები, წარმატებული და ლამაზი ადამაინების ცხოვრებას, რომელთაც ეს უკანასკნელი – ცხოვრება – სულაც აღარ ახარებთ. ისინი გაუცხობულნი არიან ყველაფრის მიმართ, რაც კი მათ ირგვლივაა, გარშემომყოფი ადამიანების, მეგობრების, ოჯახის წევრების, ბუნების, გარემოს და საერთოდ ყოველგვარი სულიერის მიმართ. ეს, ერთგვარად, უკვე გადაღეჭილი თემატიკაა რომელზეც თითქმის ყოველ მეორე რეჟისორს თითო ფილმი მაინც აქვს გადაღებული და რაიმე ახლის თქმა, ალბათ, ძალიან ძნელი იქნებოდა. თუმცა, მეჩვენება რომ ეს თანამედროვე თურქი რეჟისორების საყვარელი თემაა მაინც, ისევ ჯეილანის ფილმებს თუ გავიხსენებთ. რატომ არის ის ასე პოპულარული თურქულ კინემატოგრაფში, ჩემთვის ძნელი სათქმელია და ალბათ, ბევრად უფრო ღრმა კველვას საჭიროებს, თუმცა ფაქტია რომ ჩვენი მეზობლები – ეს ხალისიანი და გულღია ერი გაუცხოებას საკმაოდ მწვავედ განიცდის და მრავალფეროვან არტისტულ ხერხებს მიმართავს მის წარმოსაჩენად.

Lifelong-Wმიუხედავად იმისა, რომ “მთელი ცხოვრება” არის ფილმი ოჯახის და ამ ოჯახის პრობლემების შესახებ, მაინც მომეჩვენა რომ ყველაზე ტრაგიკული პერსონაჟი წარსულში წარმატებული მხატვარი ელაა. სიუჟეტიც მის ირგვლივ ვითარდება და გადმოგვცემს ელას სულიერ განცდებს. ფილმში ზედმიწევნით დახვეწილი ფორმით არის შესრულებული დრამატული ურთიერთობები. ამ თვალსაზრისით ასეთ პოეტურ ფილმს ძნელად თუ იპოვი მსოფლიო კინემატოგრაფში. ელას პიროვნული და კარიერული პრობლელების სათავე კი, ალბათ, ისევ მის სულიერ მდგომარეობაშია, მის დამოკიდებულებაში სამყაროსთან. ელა სავსებით ცარიელი, თითქოს უსულო შემოქმედია, რომელსაც სახეზე არანაირი ემოცია არ აღებეჭდება. ემოციებისაგან დაცლილი, აღფრთოვანების უნარს მოკლებული არტისტი კი, ალბათ, ვერაფრის ჭეშმარიტად ღირებულის შექმნას ვეღარ შეძლებს.


დატოვე კომენტარი

საავტორო კინოს ბათუმის საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნა

ბათუმის საავტორო კინოს ფესტივალი დაიწყო! გიშინ ჩამოვედი. აქაური ქუჩები ჩემთვის ისევ სპაგეტის გიგანტურ ქვაბს გავს და ვიკარგები ყველგან, სადაც ეს შესაძლებელია და სადაც ჩემ გარდა დაკარგვას ვერავინ მოახერხებდა.

images (1)კინოფესტივალი გაიხსნა “ქინ-ძა-ძას” ანიმაციური რიმეიქით, თუმცა ამაზე მოგვიანებით. გახსნაზე სიტყვით წარსდგნენ მოწვეული სტუმრები, მათ შორის აჭარის ა/რ-ს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ავთანდილ ბერიძე, ერთადერთი კაცი ბათუმში, ვისაც შეუძლია ბულვარში გაზონზე მანქანის გაჩერება და ასევე მოკლე, თუმცა შთამბეჭდავი სიტყვით და საჩუქრით წარსდგა სომეხი კინორეჟისორი რუბენ გევორქიანი, რომელმაც ფესტივალს სომეხი ოსტატის მიერ შესრულებული მოზრდილი ჯვარცმა უსახსოვრა. ავთანდილ ბერიძემ კი ვრცლად ისაუბრა კაცობაზე, ბათუმელობის მნიშვნელობაზე, კინოათეატრზე, სადაც დავაჟკაცდა და შეკრებილ აუდიტორიას განუცხადა, რომ კინო ქართველების მოგონილია. ასევე, მეობის, გაგების, ვაჟკაცობის და ბათუმელობის განმარტების შემდეგ ისაუბრა ქართველობაზე და აღნიშნა რომ ქართველებს გასაკუთრებულად უყვართ სამი რამ- თავისუფლება, ჭიდაობა და კინო. Continue reading


%(count)s კომენტარი

რევოლუციის შემდეგ

საავტორო კინოს ბათუმის საერთაშორისო ფესტივალი ყოველწლიურად იმართება და ყოველ წელს მინდოდა წასვლა, თუმცა აქამდე ვერც ერთხელ ვერ მოვახერხე. ბათუმში ფესტივალზე ჩამოდიოდნენ ჩემი საყვარელი კინორეჟისორები რომელთა ცოცხლად ხილვაც დიდი ბედნიერება იქნებოდა ჩემთვის, მაგალითად ოთარ იოსელიანის ან და კშიშტოფ ზანუსის. ზანუსისადმი ჩემი დამოკიდებულება ზოგჯერ, ერთგვარად, კომიკურ ხასიათსაც კი იღებს ხოლმე. ორი წლის წინ მის ფილმს ერთ-ერთი მაშინ არსებული ქართული ვარეზიდან ვიწერდი ერთი კვირის განმავლობაში, დღეები გადიოდა და მოლოდინი სულ უფრო მიმძაფრდებოდა და დადგა ის სანეტარო დღეც, როდესაც გადმოწერა დასსრულდა. ჩავრთე ფილმი და ჰოი, საოცრებავ! ფილმი აღმოჩნდა ორიგინალის – პოლონურ ენაზე ყოველგვრი დუბლირებისა და სუბ ტიტრების გარეშეც კი. რა თქმა უნდა, მაინც ბოლომდე ვუყურო, თუმცა ვერ ვიტყვი ბევრი რამე გავიგე-მეთქი.

წლევანდელი კინოფესტივალიც პოლონური ფილმით გაიხსნა – “ვარშავის ბრძოლა 1920” /Battle of Warsawa 1920/. ეს არ არის საავტორო კინო და შესაბამისად არც საფესტივალო ფილმი ყოფილა, თუმცა საკმაოდ შთამბეჭდავი იყო მისი ხილვა. ფილმი 3D ხარისხისაა და როგორც გავიგე ყველაზე მაღალბიუჯეტიანი კინოპროექტი ყოფილა პოლონური კინემატოგრაფის ისტორიაში. “ვარშავის ბრძოლა 1920″ ასახავს პოლონელი ხალხის ბრძოლას ბოლშევიკების წინაღმდეგ და მისი გადაღებები 9 მილიონი დოლარი დაჯდა. იქიდან გამომდინარე, რომ ფილმი პოლიტიკურ ხასიათს ატარებს ბუნებრივად ჩნდება ასოციააციები ქართულ პროექტთან ” აგვისტოს 5 დღე”, რომელიც 25 მილიონი (!) დაჯდა და ქართული პროპაგანდის სრულ კრახად შეგვიძლია მივიჩნიოთ, პოლონური ფილმის ფონზე კი კიდევ უფრო საწყლად გამოიყურება, მითუმეტეს თუ ამ ფილმების ბიუჯეტსაც გავითვალისწინებთ. Continue reading