სამარხვო ბლოგი


დატოვე კომენტარი

იულია

იულია ჩემი შეყვარებულია.  ჩემ გვერდით სადარბაზოში ცხოვრობს და სკოლაშიც ერთად დავდივართ. დილაობით ვურეკავ იულიას და ვაღვიძებ, ყოველთვის მასზე ადრე ვდგები. ზამთარში მეც მეზარება ხოლმე ადგომა, მაგრამ იულიას გამო მაინც ვიღვიძებ. სკოლას ძალიან იშვიათად ვაცდენ. დაახლოებით ერთი თვის წინ რამდენიმე დღე სიცხე მქონდა, სანამ არ გამოვჯანმრთელდი, დედა სკოლაში არ მიშვებდა. მერე კიდევ რამდენიმე დღე დავრჩი სახლში, თერმომეტრს ჩაიდნის ორთქლზე ვაცხელებდი, იულია კი ჩემ სანახავად მოდიოდა ყოველ დღე, სკოლიდან ამომივლიდა და ცხელ შოკოლადს ვსვამდით ერთად.

როცა გავიზრდები, მინდა რომ, ვარსკვლავთმფრენი მყავდეს, ვიმოგზაურებ სხვადასხვა პლანეტაზე,  სადაც ყველაფერი სხვანაირი იქნება. უზარმაზარ, წყლით დაფარულ პლანეტებზე დავსვამ ჩემ ვარსკვლავთმფრენს, ტალღებზე ვიტივტივებ და მილიონი გალაკტიკით დაშორებულ მანძილზე დავწერ იულიასთვის წერილს.

მე და იულიას, ორივეს გვჯერა უცხოპლანეტელების არსებობის. შარშან ერთ ახალმთვარეობაზე იულიას აივანზეold_hands1 ვიდექით, დედამისმა გვითხრა რომ თუ ახალმთვარეობაზე სურვილს ჩავიფიქრებდით – აუცილებლად აგვისრულდებოდა. ერთმანეთს ჩავკიდეთ ხელები და ჩავიფიქრეთ რომ ოდესმე უცხოპლანეტელები ვნახოთ. იულიამ სამი სურვილი ჩაიფიქრა. უცხოპლანეტელების ნახვის გარდა, უნდოდა რომ მისი ბაბუა გამოჯანმრთელებულიყო და ახალი  ბატინკები ჰქონოდა. ბაბაუამისს  ხის ფეხი აქვს და ოპერაციის შემდეგ მეორე ფეხსაც ხის ჯოხით შეუცვლიან.  მე და იულიას გვეშინია მის ოთახში შესვლის, მაგრამ ერთხელ დედამისმა იულიას სთხოვა ჩაი შეეტანა ბაბუისთვის. იულიამ კი მე მთხოვა. ოთახი ცივი იყო და ცარიელი. საწოლზე მოკრუნჩხული ბაბუამისი იწვა. საწოლის გვერდით ტუმბოზე დავუდგი ფინჯანი და როცა საბნიდან თავისი გრძელი, დამჭკნარი ხელები ამოყო, სასწაფოდ გამოვვარდი იქიდან.

761291f4f273262240716cf32201f411იულიას ნუშის ნამცხვარი უყვარს. ჩვენს საცხოვრებელ კორპუსთან მაღაზიაში მე ვყიდულობ ხოლმე მისთვის ნამცხვრებს ყოველთვის, როცა ჩემთვის ფუნთუშების ყიდვის შემდეგ საკმარისი ხურდა მრჩება. რამდენჯერმე ფუნთუშების სანაცვლოდაც კი ვუყიდე ნამცხვარი, ისე რომ ჩემთვის ფული აღარ დამრჩა, მაგრამ ყოველთვის ასე ვერ ვიზამ.

მე და იულია, ორივე ბუზანტარიანელები ვართ, ანუ ბუზების უფლებებს ვიცავთ. როცა ჩემი ან მისი ოჯახის წევრები ოთახში შემოფრენილი ბუზის მოკვლას დააპირებენ, ჭიქით ვიჭერთ ბუზებს და აივნიდან ვუშვებთ. ეზოში, ცაცხვის ხესთან, ჩვენი ბუზები გვყავს. ზაფხულობით სახლიდან შაქარს ვიპარავთ და  ბუზების გამოსაკვებად ჩაგვაქვს. ოღონდ, მარტო ჩვენს ბუზებს ვუყრით, იულია მეუბნება რომ ჩვენი ბუზების გარჩევა შეუძლია სხვებისგან, თუმცა მე აქამდე ვერ ვისწავლე.

რამდენიმე დღის წინ დედამისი იყო მოსული დედაჩემთან ფულის სასესხებლად. როცა თოვლიან ამინდში სკოლაში მივდივართ, იულიას ბატინკებში წყალი შესდის. ამ დროს იულიას სახე საშინლად ემანჭება და ტირილს იწყებს.  დედაჩემმა ფული მისცა იულიას დედას. მეორე დღეს იულია ახალი წითელი ბატინკებით მოვიდა და სკოლის შემდეგ მასთან ავედით სახლში. როცა შევედით ბაბუის ოთახის კარი ღია დაგვხვდა, ოთახში კი არავინ იყო. იულიას  დედა სამზარელოში ტიროდა, იულიას მამა კი ეუბნებოდა რომ  წამლები ზუსტად ერთი წყვილი ბატინკი ღირდა. მე და იულია ისევ ეზოში ჩავბრუნდით, იულიას აღარ სციოდა.